როგორ მოქმედებს სებ-ის საინტერვენციო განცხადებები და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა ლარზე

გუშინ ლარმა ახალი ისტორიული მინიმუმი დააფიქსირა - სებ-ის ოფიციალური კურსით დღეს ერთი დოლარი 2,98 ლარი ღირს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ეროვნული ვალუტა 37 პუნქტით, 14,1%-ით გაუფასურდა (2,61დან 2,98-მდე). მართალია ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის მთავარმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი რამდენჯერმე გაზარდა, თუმცა ლარი არ გამყარებულა. პირიქით, 25 სექტემბრის შემდეგ, როდესაც განაკვეთი კიდევ 0,5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ლარმა მორიგი მარცხი განიცადა და მეორე დღეს თითქმის 1,5 პუნქტით გაუფასურდა.

ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ლარი „სენსიტიური“ მხოლოდ სებ-ის იმ განცხადების მიმართ არის, რომელიც შესაძლო სავალუტო ინტერვენციების განხორციელებას ეხება. სწორედ ასეთი განცხადებების შემდეგ ლარი Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ფაქტობრივად, მყისიერად მყარდება, რაც შემდგომ ოფიციალურ კურსზეც აისახება.

  • 2019 წლის 31 ივლისი - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარის გაყიდვა დაანონსა
  • 2019 წლის 31 ივლისს დადგენილი ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2,97 ლარი იყო
  • 2019 წლის 1-ელ აგვისტოს სავალურო აუქციონზე 32,8 მლნ დოლარი გაიყიდა და ერთი დოლარის ღირებულება 2,92 ლარი გახდა
  • 2019 წლის 3 აგვისტოს ერთი დოლარი ოფიციალური კურსი 2,88 ლარი იყო

მაშინ ინტერვენციების განხორციელების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა მაშინ მიიღო, როდესაც ლარი 2-დღიან ინტერვალში თითქმის 4 პუნქტით - 2,93-დან 2,97 ნიშნულამდე გაუფასურდა. 1-ელ აგვისტოს განხორციელებული სავალუტო აუქციონის შემდეგ ლარმა გამყარება დაიწყო და უკვე 3 აგვისტოს ერთი დოლარი 2,88 ლარი გახდა.

თითქმის სამკვირიან პერიოდში ლარის ოფიციალური კურსი 2,88-2,93-ის კორიდორში ტრიალებდა. თუმცა მერე გაუფასურება დაიწყო და უკვე 3 სექტემბრიდან ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,96 ლარი გახდა. ამ დროის განმავლობაში სებ-ს სავალუტო ინტერვენცია არ განუხორციელებია, მხოლოდ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაამკაცრა და თანაც ორჯერ - პირველად 4 სექტემბერს 0,5 პროცენტული პუნქტით, მეორედ კი 25 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე ისევ 0,5 პროცენტული პუნქტით. თუმცა ერთ თვეში მონეტარული პოლიტიკის ერთპროცენტიანი ზრდას ლარის კურსზე გავლენა არ მოუხდენია და პირიქით, გაუფასურდა კიდეც.

დღეს კი საქართველოს ეროვნული ბანკი აუქციონზე 40 მლნ დოლარს ისევ გამოტანს, რაც წინა პერიოდის ანალოგიურად შესაძლოა, ლარის კურსზე დადებითად აისახოს. თუმცა რამდენ დღეს გასტანს ინტერვენციების შედეგი ეროვნული ვალუტაზე, ცოტა რთული სათქმელია. 1-ლი აგვისტოს ინტერვენციების გავლენა მხოლოდ სამიოდე კვირა გაგრძელდა.

ელზა წიკლაური