ეროვნული ბანკი ერთი ხელით რაღაცას აკეთებს, მთავრობა მეორე ხელით რაღაცას აფუჭებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით განუცხადა.
რომან გოცირიძის თქმით, ლარის გაუფასურებაში მთავარი დამნაშავე საქართველოს ხელისუფლება და „ის უგუნური საბიუჯეტო პოლიტიკაა, რომელსაც მთავრობა ატარებს“.
გოცირიძე ეროვნული ბანკის პოლიტიკასაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ სებ-მა უნდა ახსნას, „რა უნდა".
„ორიოდე დღის წინ საქართველოს პარლმენტში ბიუჯეტის პროექტი შემოვიდა, რომლითაც ხარჯების ზრდას ითხოვენ, რომელიც დიდი ხანია გაწეულია. პოსტ-ფაქტუმ, უკანა რიცხვით სურთ შტამპი დაურტყას პარლამენტმა. ითხოვენ დეფიციტის გაზრდას 500 მილიონი ლარით, შიდა ვალის აღების სახით, როდესაც 400 მილიონით იყო ამ წლის განმავლობაში დაგეგმილი. ამას ეროვნული ბანკის გაურკვეველი საკრედიტო პოლიტიკა ემატება. პირველი ის, რომ მუდამ აგვიანებს, არ იცის რა გააკეთოს, მეორეც, ორი დღის წინ რეფინანსირების განაკვეთი ასწია და ფულადსაკრედიტო პოლიტიკა გაამკაცრა, გუშინ პირიქით შეარბილა და გასცა 2.4 მილიარდი ლარი კომერციულ ბანკებზე რეფინანსირებული სესხის სახით, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. რამდენსაც სთხოვენ კომერციული ბანკები, იმდენს სიამოვნებით უკმაყოფილებს, რა აზრი აქვს პროცენტის აწევ-დაწევას. დღეს პირიქით, გაამკაცრა ფულადსაკრედიტო პოლიტიკა, ამოიღებს ალბათ 120 მილიონ ლარს და გაყიდის რა ინტერვენციის სახით 400 მილიონ დოლარს. ეროვნულ ბანკს რა უნდა, უნდა აგვიხსნას, რატომ არის მუდმივი დაგვიანება და გაურკვევლობა. ეროვნული ბანკის და მთავრობის სასწრაფო ერთდროული ქმედების გარეშე ეფექტი იქნება მოკლევადიანი. ლარი ინტერვენციის შედეგად გამყარდება, როგორც თვენახევრის წინ, მაგრამ ამას მთავრობა არ წაეშველა. ეს ორი სტრუქტურა ვერასდროს შეთანხმდა, ამაში ისევ და ისევ არაფორმალური მმართველობის ხელია. დაიმონეს ეროვნული ბანკი, მორჩილი გახადეს და ეროვნულ ბანკს სიტყვის თქმაც კი უჭირს, რომ თქვას, უაზრობაა ბიუჯეტის 500 მილიონით ზრდა, შიდა ვალის სახით“, - აცხადებს რომან გოცირიძე.