ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების მეშვეობით, აფინანსებს მთავრობას, ეს არის კორუფციული სქემა, ეს არის ძარცვა. ფინანსთა მინისტრი ცრუობს, როდესაც ლაპარაკობს, რომ ფისკალური პოლიტიკა გავლენას არ ახდენს ლარის კურსზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ “ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ ლარის კურსისა და ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომენტირებისას განუცხადა.
შეშელიძის განცხადებით, კორუფციულ სქემაში მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები არიან ჩართული. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის პოლიტიკა არ ემსახურება ეკონომიკურ კეთილდღეობას და ქაოსურია, მთავრობა კი ამ კორუფციულ სქემას ხელს აფარებს, რაზეც ფინანსთა მინისტრის განცხადებებიც მოწმობს.
„ მონეტარული პოლიტიკა არ არსებობს, სინამდვილეში ეს არის ქაოსური გადაწყვეტილებები, რომლებიც კორუფციას უფრო ემსახურება, ვიდრე ეკონომიკური განვითარების ინტერესებს. ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც მან 25 სექტემბერს, რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შესახებ მიიღო, საგანგებო რეჟიმში იყო მიღებული. მაშინ როდესაც ყველა ამბობდა, რომ ინფლაციაა მოსალოდნელი და მონეტარული პოლიტიკა მოთხოვნებს არ პასუხობს. ამასთან, მომდევნო დღეს მიიღო ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება და რეკორდულად მაღალი, მილიარდ 900 მილიონის ოდენობის რეფინანსირების სესხი გასცა, ბაზარს ისეთი რაოდენობის ფულის მასა მიაწოდა , რომელიც აქამდე არასოდეს მიუწოდებია და ამავე დღეს დააანონსა , რომ ლარის სტაბილურობისთვის 40 მილიონ დოლარს დახარჯავს. ესე იგი, ფული გასცეს ლარებში და მეორე დღეს რეზერვიდან ფულს იხდიან, რომ ეს ლარი გაამყარონ.
ვფიქრობ, რომ ეს არის დანაშაულებრივი სქემა, არანაირი კავშირი ეკონომიკასთან არ არის და მთავრობა ამას ხელს აფარებს, ფინანსთა მინისტრის განცხადებები არის პირდაპირი დემონსტრირება იმისა, რომ მთავრობა ამას ხელს აფარებს. ამასთან, მაჭავარიანი ცრუობს, როდესაც ლაპარაკობს, რომ ფისკალური პოლიტიკა გავლენას არ ახდენს ლარის კურსზე. ის ცრუობს როდესაც ამბობს, რომ ხარჯვა არის ზომიერი და ცრუობს, რომ შიდა ვალების აღების გაფართოება საგარეო ვალების აღების ნაცვლად არ აისახება ლარის კურსზე,“-აცხადებს შეშელიძე.
როგორც პაატა შეშელიძე განმარტავს, მთავრობის მიერ შიდა ვალის აღება შემდეგნაირად ხდება , ეროვნული ბანკი ღია ბაზარზე გასცემს რეფინანსირების სესხს, დეპოზიტად ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებებს იტოვებს, შესაბამისად კომერციული ბანკები ამ ფულს აძლევენ ფინანსთა სამინისტროს. ანუ ეროვნული ბანკი ინფლაციის ხარჯზე ირიბად აფინანსებს მთავრობას.
კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი ლარის გამყარება, შეშელიძე აცხადებს, რომ ლარის გამყარების პერსპექტივას ვერ ხედავს და საჭიროა არსებული პრაქტიკის შეცვლა.
„არ ვიცი, ერთ კვირაში რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ , მაგრამ როგორც ჩანს, აპირებენ შიდა ვალების გაფართოებას და ყველაზე ხელსაყრელი სწორედ რეფინანსირების სესხების გავლით დაფინანსებაა, ამიტომ ლარის გამყარების პერსპექტივას ვერ ვხედავ. უნდა გადაიხედოს მიდგომა და ეს კორუმპირებული პრაქტიკა,“-განაცხადა შეშელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, რიგგარეშე სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. დღეს კი სებ-მა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარი გაყიდა.