არაკომერციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობა 35.5%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს არაკომერციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 137.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 35.5 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ცნობისთვის, არაკომერციული ორგანიზაციები წარმოადგენენ საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ იურიდიულ პირებს ან სოციალურ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი ინსტიტუციური ერთეულებიდან მოგების ან ფინანსური კეთილდღეობის მიღებაზე. არაკომერციული ორგანიზაციების პროდუქციის ძირითადი ნაწილი რეალიზდება უფასოდ ან ეკონომიკურად უმნიშვნელო ფასებში. აღნიშნული ორგანიზაციები იმყოფებიან თვითდაფინანსებაზე და სახსრებს ძირითადად იღებენ შემოწირულობებისა და საკუთარი წევრების შენატანების სახით. ისინი შემოსავლებს იღებენ აგრეთვე ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური და ფინანსური აქტივებიდან. არაკომერციულ ორგანიზაციებს აქვთ დამხმარე კომერციული საქმიანობის უფლება.

საქსტატის ცნობით, არაკომერციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მაჩვენებლის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი მოდის განათლების (36.9 პროცენტი), ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების (23.7 პროცენტი), ასევე ხელოვნების, გართობისა და დასვენების (18.3 პროცენტი), სხვადასხვა სახის მომსახურების (8.7 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო, ტექნიკური საქმიანობების (5.0 პროცენტი) და ინფორმაციისა და კომუნიკაციების (4.1 პროცენტი) სექტორებზე.

„ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 8.2-ჯერ გაიზარდა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორში, 2-ჯერ განათლების სექტორში, 1.9-ჯერ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორში, 39.4 პროცენტით - ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში, 29.4 პროცენტით - მშენებლობის, ხოლო 26.0 პროცენტით - ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სექტორებში.

პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) გამოშვების მოცულობამ არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში 2018 წელს 1077.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 10.8 პროცენტით აღემატება. პროდუქციის გამოშვების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სექტორი (26.5 პროცენტი), ასევე სხვადასხვა სახის მომსახურების (23.4 პროცენტი), ხელოვნების, გართობისა და დასვენების (15.0 პროცენტი), განათლების (14.6 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (12.9 პროცენტი) სექტორები.

არაკომერციულ ორგანიზაციებში 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 0,3 პროცენტით და 53.0 ათასი შეადგინა, საიდანაც 53.3 პროცენტი ქალია, ხოლო 46.7 პროცენტი კაცი.

დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი – 29.2 პროცენტი – განათლების სექტორის ორგანიზაციებზე მოდის, 23.0 პროცენტი - ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორზე, 14.6 პროცენტი - ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებაზე, ხოლო დარჩენილი 33,2 პროცენტი სხვა სექტორებზე ნაწილდება. დასაქმებულთაგან დაქირავებულია 52.3 ათასი (მათ შორის ქალია 53.1 პროცენტი). დაქირავებულთა რაოდენობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით გაიზარდა 1.7 პროცენტით,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი