Toyota-მ Subaru-ში საკუთარი წილი გაზარდა

იაპონურმა საავტომობილო გიგანტმა Toyota-მ ასევე იაპონურ კომპანია Subaru-ს დამატებითი წილი შეიძინა. Toyota-ს წილი ამ შენაძენის შემდეგ 20%-მდე გაიზარდა, აქამდე ის 17%-ს ფლობდა, ხოლო თავად Subaru Toyota-ს წილს არ ფლობს. შენაძენის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი მეტად გაზრდიან თანამშრომლობას სპორტული ავტომობილების მიმართულებით. გარდა სპორტული ავტომობილებისა, კომპანიები აპირებენ თანამშრომლობას ახალი თაობის ტექნოლოგიებზე, მათ შორის, უსაფრთხოებისა და ელექტროფიცირების სისტემების მიმართულებით. თანამშრომლობა იგეგმება ჰიბრიდული და სრული ამძრაობის სისტემების განვითარებაში.

რაც შეეხება კონკრეტულ მოდელებს, კომპანიები ერთობლივად იმუშავებენ ახალი თაობის Toyota 86 Subaru BRZ სპორტულ მოდელებზე.

Toyota და Subaru-ს ალიანსი 2005 წელს დაიწყო და ამ დროისთვის უკვე მოიცავს საერთო ელექტრო პლატფორმას, რომელზეც მალე აიწყობა ელექტრო-ქროსოვერი.

Toyota მოსფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. მან გასულ წელს 10 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ხოლო Subaru მასზე ათჯერ პატარაა. ამ კომპანიის ლოგოს ქვეშ გასულ წელს მილიონი ავტომობილის რეალიზება მოხდა.

კოკა კვირკველია