ნოდარ ხადურის ინფორმაციით, თბილისის მერიის მიერ აღებული სესხის პროცენტი საბაზროზე დაბალი იქნება

სახელმწიფო სესხებს არ გამოყოფს, - ასე პასუხობს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იღებს თბილისის მერია სესხს კომერციული ბანკებისგან.

როგორც ხადურმა განმარტა, ცენტრალური ბიუჯეტი შარშან დაიგეგმა და თბილისისთვის დამატებითი თანხების გამოყოფას არ ითვალისწინებდა.

"სახელმწიფო სესხს ნამდვლად ვერ გამოუყოფს ვერავის, მათ შორის - ვერც ადგილობრივ ბიუჯეტს. ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის თანხმობით მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტისთვის სესხის აღება და ესეც მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში. სახელმწიფო ბიუჯეტს გაწერილი აქვს ყველა ხარჯი და არ ითვალისწინებს დამატებითი რესურსის გამოყოფას რომელიმე სხვა ბიუჯეტისთვის. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია თბილისის მერიასთან, საკრებულოსთან და მინდა დაგარწმუნოთ, რომ თბილისის და სახელმწიფოს ბიუჯეტის თითოეული ლარი დაიხარჯება მხოლოდ მიზნობრივად", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

რაც შეეხება სესხის საპროცენტო განაკვეთს, ნოდარ ხადურის განმარტებით, ის საბაზროზე დაბალი იქნება. "ჯერ არ არის აღებული ეს თანხა. დაიწყება მოლაპარაკებები თბილისის მერიისა და რომელიმე კომერციულ ბანკს შორის. შესაძლებელია, რომ აღნიშნულ თანხაზე, თუ ამის საჭიროება დადგება, გამოცხადდეს კონკურსი, ტენდერი და სესხი ყველაზე დაბალი პირობებით იქნას აღებული", - განაცხადა ხადურმა.

რაც შეეხება ოპონენტების შეფასებას, რომ თბილისის მერია კომერციული ბანკებისგან სესხს ცენტარულ ბიუჯეტში არსებული პრობლემების გამო იღებს, ფინანსთა მინისტრი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს. ნოდარ ხადურის მტკიცებით, სახელმწიფო ბიუჯეტში არანაირი პრობლემა არ არის.