სამედიცინო ნარჩენების გადაყრის წესების დარღვევისთვის ჯარიმები მკაცრდება

სამედიცინო ნარჩენების გადაყრის წესების დარღვევისთვს ჯარიმები მკაცრდება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ფიზიკური პირისთვის ჯარიმა დაახლოებით 12-ჯერ გაიზრდება, ხოლო იურიდიული პირებისთვის 10-ჯერ გაიზრდება.

მისივე თქმით, ფიქსირდება შემთხვევები, როცა სამედიცინო ნარჩენები სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერებში იყრება, რაც დიდი პრობლემაა.

„რამდენიმე წელია, რაც შეიცვალა კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო ნარჩენების სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერებში ჩაყრა არის კატეგორიულად მიუღებელი. სამედიცინო ნარჩენებს აქვს თავისი წესი და შესაბამისად, ამ წესის მიხედვით უნდა იყოს გადაყრილი. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, სადაც სამედიცინო ნარჩენები საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნებში იყრება, რაც სერიოზული პრობლემაა ძალიან ბევრი მიმართულებით და მათ შორის, ეს არის ეპიდემიის გავრცელების პირველწყარო. მუნიციპალური ინსპექციის მონიტორინგის დროს დაფიქსირდა ასეთი შემთხვევები და შესაბამისი რეაგირებაა ჯარიმებიც. გვინდა მიდგომები გავამკაცროთ. ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმა ფიზიკური პირისთვის დაახლოებით 12-ჯერ გაიზრდება, ხოლო იურიდიული პირებისთვის 10-მაგი გახდება. ანუ ფიზიკური პირები 400 ლარის ნაცვლად - 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 1000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით დაჯარიმდებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.