„სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების პრივატიზების კუთხით ნამდვილი გარღვევა გვჭირდება"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების პრივატიზების კუთხით სამინისტროს ნამდვილი გარღვევა სჭირდება.

როგორც თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ლარის კურსის დასტაბილურებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, სახელმწიფოს საკუთრებაში ჯერ კიდევ რჩება ბევრი საწარმო, რომელმაც საწარმოს ფუნქცია დაკარგა, აქვს ბევრი ვალდებულებები და ელოდება ახალ მფლობელს. ამასთან, თურნავამ განმარტა, რომ პრივატიზაცია არ შეეხება სტრატეგიულ საწარმოებს. რაც შეეხება ლარის კურსის დასტაბილურების ბერკეტებს, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ყველაზე მეტი ბერკეტი ამ კუთხით ეროვნულ ბანკს გააჩნია.

„ეროვნული ბანკი საკუთარი მანდატის ფარგლებში მოქმედებს და ყველაზე მეტი ბერკეტი ამ თვალსაზრისით ეროვნულ ბანკს გააჩნია. ჩვენ ვხედავთ რამდენად ეფექტურად იყენებს ამ ბერკეტებს დ ყოველთვის გამოიყენებს საჭიროების შემთხვევაში, თუმცა რა თქმა უნდა ეკონომიკური პოლიტიკა და ლარის კურსი რამდენიმე მდგენელს შეიცავს. ეს არ არის მხოლოდ ეროვნული ბანკის კონტრიბუცია, ეს არის სხვა უწყებების კონტრიბუციაც. თუნდაც ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უნდა შევუწყოთ ხელი ბიზნესის შემდგომ განვითარებას და გავამარტივოთ ბიზნესგარემო კიდევ უფრო მეტად, რაზეც მათ შორის ჩვენს სამინისტროსაც ეკისრება პასუხისმგებლობა, ესეც არის ხელშეწყობა, მათ შორის ლარის კურსის გამყარების. კიდევ ერთი ბერკეტი არის დაჩქარებული პრივატიზაცია. ამაზე ჩვენ გვქონდა საუბარი, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. წელს არ მივდივართ ცუდად, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ. მე პირადად არ ვარ ბოლომდე კმაყოფილი. ჩვენ მივაღწიეთ დაჩქარებას უძრავი ქონების პრივატიზების მიმართულებით. 100 მილიონი უკვე ისეთი მიჯნაა, რომელიც მარტივად შესრულდება. რაც შეეხება სხვადასხვა სახელმწიფო საკუთრებაში ჯერ კიდევ არსებულ საწარმოების პრივატიზებას, აქ გვჭირდება ნამდვილი გარღვევა, რადგან აქ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოვახდინეთ გარღვევა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ჩვენ ამაზე აქტიურად ვიწყებთ მუშაობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრივატიზაცია ამ ეტაპზე არ შეეხება იმ რამდენიმე სტრატეგიულ საწარმოს, მათ შორის რკინიგზას და ელექტროსისტემას, რომელიც მოსახლეობის წინაშე ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს ასრულებს.

„მათი პრივატიზება ამ ეტაპზე არ იგეგმება, მაგრამ არის ძალიან ბევრი, ათასამდე სხვა მცირე საწარმო, რომელმაც საწარმოს ფუნქცია უკვე დაკარგა, დახუნძლულია ვალდებულებებით და ეძებს თავის რეალურ პატრონს. აქ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რათა შემოვიყვანოთ კერძო ბიზნესი, შევქმნათ სამუშაო ადგილები და გაჩერებული სახელმწიფო ობიექტები ავამოქმედოთ“, - განაცხადა თურნავამ.