შემოსავლების სამსახური თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური საქართველოსა და ევროკავშირს შორის 1 სექტემბრიდან ამოქმედებულ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში უწყება შეთანხმებით გათვალისწინებულ შეღავათებზე საუბრობს და შესაბამის პირებს განუმარტავს, რომ 1 სექტემბრიდან წარმოშობის სერტიფიკატს - EUR.1 სწორედ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გასცემს.

"1 სექტემბრიდან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. აღნიშნული შეთანხმება საქართველოში წარმოებული საქონლის ევროკავშირის ტერიტორიაზე, აგრეთვე ევროკავშირში წარმოებული საქონლის საქართველოში ტერიტორიაზე საბაჟო (იმპორტის) გადასახადების გარეშე იმპორტირებას ითვალისწინებს. საქართველოში წარმოებული საქონლის ევროკავშირის ტერიტორიაზე იმპორტის შემთხვევაში გამონაკლის წარმოადგენს მხოლოდ ნიორი, რომელზეც განსაზღვრულია წლიური ქვოტა 220 ტონის ოდენობით.

შეღავათის სარგებლობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს წარმოშობის კრიტერიუმებს, კერძოდ ან მთლიანად უნდა იყოს წარმოებული საქართველოს ან ევროკავშირის ტერიტორიაზე, ან უნდა აკმაყოფილებდეს საკმარისი დამუშავება-გადამუშავების მოთხოვნებს (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ასოცირების შეთანხმების I-ლი ოქმი, ასევე შესრულებული უნდა იყოს ასოცირების შეთანხმების I-ლი ოქმის მე-3 თავის მოთხოვნები.

მეწარმეებისათვის ასევე ხელმისაწვდომი ხდება წარმოშობის კუმულაციის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საქონელს მიენიჭოს საქართველოში წარმოებულის სტატუსი იმ შემთხვევაშიც კი, როცა წარმოებაში გამოყენებული მასალები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზეა მოპოვებული. მოცემული მექანიზმით სარგებლობისათვის აუცილებელია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული დამუშავება-გადამუშავება აღემატებოდეს იმ არასაკმარის გადამუშავების ოპერაციებს რომლებიც გათვალისწინებულია შეთანხმებით (იხილეთ ასოცირების შეთანხმების I-ლი ოქმი, მუხლი 6. ასევე, საქონელი ჩაითვლება საქართველოში წარმოებულად, თუ შექმნილი დამატებითი ღირებულება აღემატება გამოყენებული მასალების ღირებულებას. ყურადსაღებია, რომ წარმოშობის არმქონე საქონელი, რომელიც გამოიყენება წარმოშობის მქონე საქონლის მისაღებად (მაგ. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული) არ არის გათავისუფლებული საბაჟო (იმპორტის) გადასახადებისგან.

გაითვალისწინეთ: პრეფერენცია გავრცელდება იმ საქონელზეც, რომელიც აკმაყოფილებს წარმოშობის მოთხოვნებს და 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით ტრანზიტით მოძრაობს თავისუფალი სავაჭრო სივრცის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, ან დროებით ინახება საბაჟო საწყობში, თუ ოთხი თვის განმავლობაში იმპორტიორი მხარის საბაჟო უწყებას წარედგინება რეტროსპექტულად შედგენილი წარმოშობის სერტიფიკატი.

ყურადღება: 1 სექტემბრიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე ექსპორტისას, საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერთიფიკატი - ფორმა A-ს ნაცვლად გაიცემა - EUR.1 გადაადგილების სერთიფიკატი. სერთიფიკატი გაიცემა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ განცხადების საფუძველზე. სერტიფიკატი გაიცემა "საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N 420 დადგენილებისა და ასოცირების შეთანხმების პირველი ოქმის შესაბამისად.

შენიშვნა: მცირე ზომის ამანათები, რომლის ღირებულებაა 500 ევრო და მგზავრის პირადი ბარგი ღირებულებით - 1200 ევრო არ საჭიროებს წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, იმ პირობით, რომ ის არ არის განკუთვნილი კომერციული მიზნებისთვის და შესრულებულია ასოცირების შეთანხმების პირველი ოქმის 26-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.