გიორგი კვირიკაშვილი ინვესტორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ინვესტორთა კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა.

ღონისძიება საქართველოს ბანკისა და მისი შვილობილი კომპანიის "გალტ ენდ თაგარტის" ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" დღეს გაიმართა. ასეთი ფორმატით კონფერენცია პირველად ჩატარდა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივებს მიეძღვნა.

კონფერენციას 40-მდე უცხოელი ინვესტორი დაესწრო, მათ შორის, ისეთი მსხვილი კომპანიებიდან, როგორიცაა Goldman Saches, UBS, Bank of America, Citi, Renaissance Capital. კონფერენციაში საქართველოს სახელმწიფო და კერძო კომპანიების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების მფლობელი ინვესტორებიც მონაწილეობენ.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციის მონაწილე საერთაშორისო ინვესტორები საქართველოს განიხლავენ არა როგორც ცალკე მდგარი საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყანას, არამედ როგორც საინვესტიციო შესაძლებლობებით მნიშვნელოვანი რეგიონის ნაწილს. მან დადებითად შეაფასა 2012 წლიდან მოყოლებული "საქართველოს ბანკის" აქციათა ფასის გაორმაგების დადებითი დინამიკა, რომელიც პოზიტიურად განაწყობს ბანკის ინვესტორებს საქართველოს მიმართ.

ვიცე-პრემიერმა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების რეგიონულ პერსპექტივაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო მუშაობს შესაბამის კანონმდებლობაზე და ახორციელებს წარმატებულ ადმინისტრაციულ რეფორმებს. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული სექტორის განვითარების სტრატეგია საზოგადოებას წარედგინება.

კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის და "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის, ირაკლი გილაურის მოხსენებებიც მოისმინეს.

კონფერენციის მიზანია, ერთმანეთთან დააკავშიროს არსებული და პოტენციური ინვესტორები, რომლებსაც აინტერესებთ ან უკვე განიხილავენ ინვესტიციების დაბანდებას ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებში. კონფერენციის მონაწილეებმა, რომელთაც საქართველოსა და აზერბაიჯანში, ჯამში, 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული, ორივე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.