"რეზონანსი" - სამინისტროებიდან თანამშრომლებს ათავისუფლებენ, მაგრამ ხელფასებს განუწყვეტლივ ზრდიან

1513 დასაქმებული სამსახურის გარეშე და 60 მილიონი ლარით გაზრდილი სახელფასო ფონდი სახელმწიფოსგან - ასეთი შედეგით დასრულდა სამინისტროების ბოლო ოპტიმიზაცია და ეს შედეგი მიიღო ქვეყანამ 2019 წლის ბიუჯეტით. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” ათი სამინისტროს მაგალითზე გამოავლინა, რომ 2017-2018 წლებში გაიზარდა სახელფასო ფონდი და პარალელურად გაიზარდა სახელფასო უთანასწორობაც დასაქმებულებს შორის.

2018 წლის პირველი იანვრის შემდგომ, ანუ ქვეყანაში საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა ანაზღაურების ახალი წესის მიღების შედეგად, სამინისტროების სახელფასო პოლიტიკა გარკვეულწილად შეიცვალა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სამინისტროებიდან დარიცხული ხელფასების შესახებ სტატისტიკა გამოითხოვა და ის რეგულაციის ამოქმედებამდე არსებულ ვითარებას შეადარა. სამინისტროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩანს, რომ მაგალითად, ეკონომიკის სამინისტროში 2017 წლის დეკემბერში, თანამშრომლისთვის დარიცხული საშუალო ხელფასი 3 446 ლარი იყო, ხოლო 2018 წლის დეკემბერში კი, საშუალო ანაზღაურება 5 729 ლარამდე გაიზარდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროში 2017 წლის მდგომარეობით, საშუალო ხელფასი 4 031 ლარი, 2018 წლის მდგომარეობით კი, საშუალო ხელფასი 5 131 ლარი იყო.

2018 წლის 1-ელ იანვარს ძალაში შევიდა კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ”, რომლითაც პირველად ქართული საჯარო სამსახურის ისტორიაში ანაზღაურების სისტემა ცენტრალიზებულად მოწესრიგდა. იმის შესამოწმებლად თუ კანონის მიღებამ რა პრაქტიკული გავლენა მოახდინა მოხელის ანაზღაურებაზე, კერძოდ კი სხვადასხვა თანამშრომელთა შორის ხელფასების განაწილებაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სამინისტროების ცენტრალურ აპარატებში კანონის ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდეგ ერთი თვის ანაზღაურება შეადარა ერთმანეთს. შედეგად, გამოვლინდა, რომ 2017-18 წლებში რვა სამინისტროდან ხუთში სახელფასო უთანასწორობა გაიზარდა, სამში კი - შემცირდა. რვავე სამინისტროს მაჩვენებლებს ერთიანად თუ შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ საკვლევ პერიოდში სახელფასო უთანასწორობა თითქმის არ შეცვლილა.

ბიზნესის სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი, ,,ბინზეს-რეზონანსთან” ამბობს, რომ არა მხოლოდ სახელფასო თანხების, არამედ ფუნქციების აუდიტიც უნდა მიმდინარეობდეს, რადგან ამ მხრივ უთანასწორობაც საკმაოდ მაღალია, როცა დაბალ პოზიციაზე დასაქმებულები, მრავალ ფუნქციას და საქმეს ითავსებენ.

,,ოპტიმიზაცია უკვე ერთგვარ ყბადაღებულ თემად იქცა. ხშირად ხდება სამინისტროების ლიკვიდაცია, ანუ გვყავს ნაკლები მინისტრი და მეტი მონსტრი - უზარმაზარი სამინისტრო, რომელშიც ზუსტად იმდენი და ზუსტად იმ ფუნქციების ადამიანები არიან საჭირო, რაც ადრე იყო საჭირო. როგორც ჩანს, ტერმინი ოპტიმიზაცია, ეტყობა საარჩევნოდ ძალიან კარგად გაყიდვადია, თორემ ის რომ ხშირად პრობლემებს იწვევს, უკვე ნაწილობრივ აღიარა კიდეც ხელისუფლებამ, როცა ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენაზე დაიწყო საუბარი.

არც ერთ ეტაპზე არ მომხდა და ჩვენ არ გვინახავს, პრაგმატული გათვლა იმისა, რომ ესა თუ ის ფუნქცია ვის აქვს და რის მიხედვით ხდება შერწყმა ან ლიკვიდაცია, ან რამდენად შეუძლია სამინისტროს სულ სხვა საქმე იტვირთოს.

ფინანსური ოპტიმიზაცია რომ ვერ მოხდებოდა, ფაქტი იყო, ამას ვერ შველის ვერც კანონი და ვერც სხვა რამ. გარკვეული სამინისტროების შემცირების შემდეგ ხარჯი არათუ მცირდება, პირიქით მატულობს კიდეც.

ძალიან კარგი იქნებოდა იმის აუდიტიც, ასრულებს თუ არა ხელფასის ადეკვატურ ფუნქციას ესა თუ ის მოხელე. სწორედ ესაა მთავარი. ხომ არ ხდება ისე, რომ დაბალ პოზიციაზე დასამქებულს მეტი აქვს საქმე, სამუშაო და მის ზემდგომებს მეტი ხელფასი? ამის ანალიზია აუცილებელი და ეს უნდა მოხდეს”, - ამბობს ჩარგეიშვილი.

სახელფასო ფონდი რომ გაიზრდებოდა, ეს გასული წლის ბოლოსვე გაცხადდა მთავრობის მხრიდან. 1513 დასაქმებული სამსახურის გარეშე და 60 მილიონ 150 ათასი ლარით გაზრდილი სახელფასო ფონდი სახელმწიფოსგან - ასეთია მიმდინარე ბიუჯეტი. 2018 წლის გეგმის მიხედვით, შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი იყო 1,413 მლრდ ლარი, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით კი, ეს თანხა 1,473 მლრდ ლარია.

სამართლის სფეროს სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ, სამინისტროების ოპტიმიზაციის მასშტაბთან შედარებით, გათავისუფლებულთა რაოდენობა სასაცილოა. აშკარაა ისიც, რომ გაზრდილი ბიუჯეტი მაღალი რგოლის მოხელეებსა და მათ პრემია-დანამატებზე დაიხარჯება.

„სამწუხაროდ, ქართული მმართველობის სისტემისათვის სიმსივნედ იქცა საჯარო სექტორში ლოიალობის ნიშნით თანამშრომელთა შენარჩუნება. მიუხედავად დეკლარირებისა, მიუხედავად ევროკავშირის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ კანონის მიღებისა, ჩვენი ჩინოვნიკები ყველაფერს აკეთებენ, რომ კანონი დარჩეს ფიქციად და გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე მაქსიმალური სარგებელი მიიღონ.

ჩვენთან მუდმივად ასეთი პრაქტიკა იყო: ესა თუ ის საბიუჯეტო დაწესებულება, საჭიროებისდა მიუხედავად, ბიუჯეტის შედგენის დროს ბევრად მეტ თანამშრომელს ასახელებდა, ვიდრე რეალურად იყენებდა. ეს ყველაფერი ხდებოდა იმიტომ, რომ გამოყოფილი თანხა გამოყენებულიყო ხელფას-პრემია-დანამატისათვის. გამოდის, სწორედ ეს თანხა გაზარდა ხალხის მიერ შევსებული ბიუჯეტით დაფინანსებული სტრუქტურების ნაწილმა.

სამინისტროების მასშტაბური ოპტიმიზაციის ფონზე, უბრალოდ, სასაცილოა 1500 დათხოვნილი თანამშრომელი. ამ ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ შრომის ანაზღაურების ნაწილში ბიუჯეტი 60 მილიონითაა გაზრდილი. მერწმუნეთ, მაღალჩინოსნები თავმომწონედ იტყვიან, რომ ამცირებენ ბიუროკრატიას და „გამორჩებათ" იმის თქმა, რომ ზრდიან სახელფასო ფონდს", - აცხადებს „ბიზნეს-რეზონანსთან" ალაფიშვილი.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი "რეზონანსი"