"აუცილებელია ადეკვატური დაფინანსება, თუ გვინდა, რომ ახალი ტყის კოდექსის აღსრულება 2020 წელს სრულფასოვნად განხორციელდეს"

აუცილებელია ადეკვატური დაფინანსება გვქონდეს, თუ გვინდა, რომ ახალი ტყის კოდექსის აღსრულება 2020 წელს სრულფასოვნად განხორციელდეს,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ.

კუჭავას თქმით, სამი წლის წინანდელ ბიუჯეტთან შედარებით, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის წარმოდგენილ ვარიანტში გარემოსდაცვითი მიმართულების კუთხით თანხები თითქმის 20 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რაც მისასალმებელია, თუმცა აღნიშნული საკმარისი მაინც არ არის.

„ჩემთვის საინტერესო იყო მენახა გაორმაგებული ციფრები გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დაფინანსების კუთხით, რადგან აუცილებელია, რომ ეს სტრუქტურა ფინანსდებოდეს, კადრები გაიზარდოს და მათი პირობები გაუმჯობესდეს, მათ შორის ტექნიკური ფუნქციები, რომლებიც მათ აბარიათ და გარემოს დაცვის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მთავარ დეპარტამენტს წარმოადგენს, ბოლომდე იქნას უზრუნველყოფილი.

ბევრი სხვა საინტერესო მიმართულებაც არის, დეტალებზე მსჯელობა მეორე მოსმენის დროს გვექნება. მაგალითად ტყის კოდექსი, რომელსაც დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მოწვევის პარლამენტში მივიღებთ და მოვასწრებთ ახალ წლამდე. აუცილებელია ადეკვატური დაფინანსება გვქონდეს, თუ გვინდა, რომ ახალი ტყის კოდექსის აღსრულება 2020 წელს სრულფასოვნად განხორციელდეს“, - აღნიშნა კუჭავამ.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს გარემოს დაცისა და ბუბენებრივი რესურსების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.