2018 წლის მონაცემებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში მუშაობს დასაქმებულთა 43.1%, მაშინ როდესაც სოფლის მეურნეობის სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7.7%-ია. როგორც PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული, ეს ნიშნავს სექტორის დაბალპროდუქტიულობას და რაც მთავარია, სოფლად მცხოვრები ადამიანების დაბალ შემოსავლებს.
ამასთან, კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში სოფლად მცხოვრები ადამიანების რეალური შემოსავალი არ იცვლება.
„რეალურ შემოსავლებთან ერთად სექტორის დაბალი პროდუქტიულობა და ზრდის დაბალ ტემპები განაპირობებს იმასაც, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა (ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 42%) უფრო ღარიბია, ვიდრე ქალაქად მცხოვრები. კერძოდ, 2018 წელს ქალაქად სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მოსახლეობის 18.0%, მაშინ როცა სოფლად ეს მაჩვენებელი 23,1%-ს შეადგენდა“,- ნათქვამია კვლევაში.
PMCG-ის მონაცემებით, უარყოფითი ტენდენცია ფიქსირდება იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაწეული ხარჯები 2010 წლიდან მოყოლებული საგრძნობლადაა გაზრდილი.
მათივე ინფორმაციით, ხარჯებმა პიკს 2016 წელს მიაღწია და 330,3 მილიონი ლარი შეადგინა.
„2018 წელს მოხდა სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანება. შედეგად, 2018 წლის დამტკიცებული გეგმის თანახმად გაერთიანებული სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 274,8 მილიონ ლარს. ხოლო 2019 წლის გეგმის მიხედვით 338.9 მილიონ ლარს. სექტორის სუსტ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და სექტორში მწარმოებლურობის დაბალ დონეს რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს. მათ შორისაა, სასოფლო სამეურნეო მიწების დანაწევრება და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც იწვევს მიწის რესურსის არაეფექტიან განკარგვას. ასევე, პრობლემურია სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა რგოლებს შორის კავშირის სისუსტე, საკონსულტაციო და საექსტენციო მომსახურება, განათლება, სტანდარტების დაცვა და ა.შ..“,- ნათქვამია კვლევაში.
PMCG-ის ინფორამციით, ცალკე აღნიშვნის ღირსია ინვესტიციები, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და შესაბამისად პროდუქტიულობის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„შედეგად სექტორის გამოწვევად რჩება დაბალი მწარმოებლურობის დონე. კულტურების მიხედვით პროდუქტიულობა საქართველოში საგრძნობლად ჩამორჩება არათუ მოწინავე ქვეყნების, არამედ მსოფლიოს საშუალო პროდუქტიულობასაც. ასევე, საქართველოში პროდუქტიულობა მეზობელ ქვეყნებთან შედარებითაც (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი) საკმაოდ დაბალია, რაც პრობლემებს შორის თითქმის გამორიცხავს გეოგრაფიულ ფაქტორებს (ცუდი კლიმატური პირობები, სტიქია და ა.შ.). შესაბამისად, ფაქტია, რომ სიტუაციის გაუმჯობესებისათვის ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი“,- ნათქვამია კვლევაში.
ამავე მონაცამების მიხედვთ, დაბალი მწარმოებლურობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია მიწების ფრაგმენტაცია. როგორც კვლევები აჩვენებს, ფერმის ზომა დადებით კავშირშია შემოსავლებთან და პროდუქტიულობასთან. შესაბამისად, პროდუქტიულობის ამაღლება ძნელად წარმოსადგენია საქართველოში მიწების არსებული განაწილების პირობებში.
„კერძოდ, 2014 წლის აღწერის მიხედვით (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სასოფლოსამეურნეო აღწერა 2014), სახნავი მიწების მფლობელი ოჯახური მეურნეობების 87% ფლობს 1 ჰექტარზე ნაკლებ მიწას, ხოლო 50 ჰექტარზე მეტს ფლობს მეურნეობების მხოლოდ 0,1%. ასევე, საშუალოდ ერთი მეურნეობა (ოჯახური მეურნეობა ან სასოფლო სამეურნეო საწარმო) ფლობს 1,37 ჰექტარ სასოფლო სამეურნეო მიწას, საიდანაც 0,71 ჰექტარი მოდის სახნავ-სათეს, ხოლო 0,4 ჰექტარი მრავალწლოვან ნარგავებზე. აღნიშნული სტატისტიკა ცალსახად მიუთითებს მიწის ფრაგმენტაციის მაღალ ხარისხზე“,-აღნიშნულია დოკუმენტში.
ფრაგმენტაციასთან ერთად, PMSG საქართველოში პრობლემურ საკითხად სვამს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო სამეურნეო მიწის განკარგვას და კერძო პირების მიერ მიწის რეგისტრაციის საკითხსაც. ორგანიზაციის ცნობით, სოფლის მეურნეობისათვის ფუნდამენტურ რესურსთან დაკავშირებით ფერხდება საბაზრო მექანიზმების მუშაობა, რაც იწვევს აღნიშნული რესურსის არაეფექტიან განკარგვას.
„შეიძლება ითქვას, რომ სექტორში ძირითად პრობლემად რჩება ინვესტიციების განხორციელება და მექანიზაციის გაზრდა, თითქმის ყველა კულტურის დაბალი პროდუქტიულობა, მიწების ფრაგმენტაციის საკითხი და მიწის რეგისტრაციასა და განკარგვასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე, უმეტეს შემთხვევაში არ არსებობს მოსახლეობაში დამოკიდებულება სოფლის მეურნეობისადმი, როგორც ბიზნეს საქმიანობა. შედეგად, ძირითადი ფუნქცია რასაც აღნიშნული სექტორი დღეს-დღეობით ასრულებს არის ე.წ. საარსებო ეკონომიკის (Subsistence economy) ფუნქცია, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება სექტორის მიმართ არსებული მოლოდინებისგან. შესაბამისად, ამ პირობებში რთულია მასშტაბის ეკონომიის მიღწევა და ეფექტიანობის/პროდუქტიულობის ამაღლება, რაც აუცილებელია ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის შეთავაზებისთვის“,-აღნიშულია კვლევაში.