აშშ ჩინეთის მთავრობის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის მთავრობისა და „კომუნისტური პარტიის“ ოფიციალურ პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, - ამის შესახებ „როიტერსი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, სავიზო შეზღუდვები იმ პირებს ეხებათ, რომლებსაც ვაშინგტონი მუსლიმი უმცირესობების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამო პასუხისმგებლობას აკისრებს, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ აკონკრეტებს იმ პირების ვინაობას, ვის მიმართაც აღნიშნული სავიზო შეზღუდვები განხორციელდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სავიზო შეზღუდვების დაწესება აშშ-ის სავაჭრო პალატის მიერ 28 ჩინური კომპანიის „შავ სიაში“ შეყვანის გაგრძელებაა.

„შეერთებული შტატები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიის კამპანია სინძიანის პროვინციაში, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული პირები და შეწყვიტოს მცდელობა, რომლის მიზანია, აიძულოს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩინელი მუსულმანები ქვეყანაში დაბრუნდნენ,“ - განაცხადა პომპეომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-მა 28 ჩინური ორგანიზაცია „შავ სიაში“ შეიყვანა, რის მიზეზადაც აშშ-ის სავაჭრო პალატამ სინძიანის პროვინციაში მუსულმანი მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან ამ ორგანიზაციების კავშირი დაასახელა.