ჩინური მედია:  აშშ-ჩინეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კვლავ უშედეგოა

ჩინური მედიის ინფორმაციით, აშშ-სა და ჩინეთს შორის გამართული სავაჭრო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კვლავ უშედეგოდ დასრულდება. ამის შესახებ South China Morning Post-ი იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთის დელეგაცია ვიცე-პრემიერ ლიუ ხეს ხელმძღვანელობით დღესვე, მოლაპარაკებების პირველივე დღის დასრულებისთანავე აპირებს დატოვოს ვაშინგტონი, არადა აქამდე ორდღიანი შეხვედრის გამართვა იგეგმებოდა.

როგორც გამოცემა წერს, წინამოსამზადებელი შეხვედრების დროს ჩინური მხარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა საკითხის განხილვა, რომელიც ტექნოლოგიების იძულებით გადაცემას და ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან სუბსიდიების შეწყვეტას ეხებოდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციის აზრით, ჩინურ კომპანიებს უცხოურ კომპანიებთან შედარებით, არასამართლიან პირობებში აყენებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებს სწორედ ეს საკითხები აინტერესებდათ ყველაზე მეტად, საუბრის მეტი წილი სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და ინტელექტუალურ საკუთრებაზე საუბარს დაეთმო,“- აღნიშნავს გამოცემა.

ჩინურმა მხარემ თავის მხრივ ვერ დაარწმუნა ვაშინგტონი, დროებით მაინც შეაჩეროს საბაჟო ტარიფები, რომელიც პეკინისთვის მთავარ წინაღობას წარმოადგენს.

აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო საკითხებში მოლაპარაკებების მე-13 რაუნდი ვაშინგტონში დღეს უნდა დაიწყოს. ბოლო მე-12 რაუნდი მხარეებმა შანხაიში 30-31 ივლისს გამართეს.

კოკა კვირკველია