გიორგი გახარია - ბაზრების დივერსიფიკაცია და ხარისხზე მუშაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი

გვესმის, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, ხარისხზე მუშაობა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მევენახეობა-მეღვინეობა პრიორიტეტული დარგია. როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეს განხილვის ერთ-ერთი თემა რთველი იქნება.

„ახალი ენერგია გვჭირდება ეკონომიკაში არა მხოლოდ იმიტომ, რომ დამატებითი სამუშაო ადგილები შევქმნათ, არამედ ქართული ბიზნესი უნდა იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე არის დღეს.

თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც არა მხოლოდ სოფლის მეურნეობას განავითარებს, ასევე დიდი გადაცემის ეფექტი გაქვთ. ამიტომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის პრობლემები, რომლებიც გაქვთ და ხარვეზები, რომლის გამოსწორებაც სწრაფად შეგვიძლია, ასევე სისტემურ თემებზეც შეგვიძლია ვისაუბროთ და ამ თემების მოგვარება ნელ-ნელა დავიწყოთ.

დარგი კარგად ვითარდება. 9 თვეში 60 მილიონ ბოთლზე მეტია ექსპორტირებული. კარგად მახსოვს 2012-2013 წლები, როდესაც 50 000 ტონაზე ვსაუბრობდით და წელს რთველში უკვე მიღებული გვაქვს 270 000 ტონა. რა თქმა უნდა, არის დრო, რომ ვიფიქროთ ხარისხზე. ყველას კარგად გვესმის, რომ ქართული ღვინის ხარისხი მევენახის ხარისხიდან იწყება. მესმის, რომ პრობლემები ბევრია, თუმცა, თუ პრაგმატულად და შედეგზე ორიენტირებულად მივუდგებით, გადაუწყვეტელი პრობლემები წესით არ უნდა იყოს. ჩვენ შევქმნით ფორმატს, სადაც შევძლებთ, რომ მეღვინეებს პირდაპირ ვესაუბროთ. დღეს აუცილებლად უნდა ვისაუბროთ რთველზეც. მიუხედავად იმისა, რომ გამოვძვერით, არ იყო მარტივი რთველი", -აღნიშნა გახარიამ.

მისივე თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში 9 მილიონ ლარზე მეტია მარკეტინგული კამპანიისთვის გამოყოფილი და განსასაზღვრია ამ თანხის ხარჯვის მიზნობრიობა.