ფრანსუა ოლანდი : რუსეთისთვის "მისტრალის" გადაცემაზე კონტრაქტი არც შეწყვეტილია და არც შეჩერებული

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, რუსეთისთვის "მისტრალის" გადაცემაზე კონტრაქტი არც შეწყვეტილია და არც შეჩერებული.

ამის შესახებ "რია ნოვოსტი" "როიტერზე" დაყრდნობით წერს.

როგორც უელსში მყოფმა ფრანსუა ოლანდმა აღნიშნა, ამ კონტრაქტის რეალიზაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომდევნო კვირებში.

ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ოფიციალური ელისეს სასახლის კომუნიკეში ნათქვამი იყო, რომ საფრანგეთმა რუსეთისთვის "მისტრალის" პირველი ხომალდის გადაცემა შეაჩერა.

"საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის პერსპექტივის არსებობისა, რომელიც უნდა დადასტურდეს და ამოქმედდეს, აუცილებელი პირობა, რომ საფრანგეთმა ნება დართოს "მისტრალის" პირველი ხომალდის მიწოდებას, დღემდე შექმნილი არ არის", - ნათქვამია კომუნიკეში.