„ხარისხიანი ღვინო არის ის, რა მიზანსაც უნდა მივაღწიოთ - ყველანაირი კომპრომისი ხარისხთან დაკავშირებით მიუღებელია"

ღვინო არ არის მხოლოდ ეკონომიკის ნაწილი. ეს ჩვენი იდენტობის ნაწილიცაა და რა თქმა უნდა, ხარისხიანი ღვინო არის ის, რა მიზანსაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა საინტერესო გამოვიდა, რომლის ფარგლებშიც ბევრ მიმდინარე თემაზე ისაუბრეს.

„ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ჩვენი ღვინის ხარისხი და რეპუტაცია იწყება იმ გლეხის შრომიდან, რომელსაც მოჰყავს ყურძენი. ამიტომ რეგულირებები და თამაშის წესები, ვერტიკალურად ინტეგრირებულ ჯაჭვში, მიწიდან დაწყებული საბოლოო პროდუქტამდე, ძალზე მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ამ ხალხს სერიოზული წვლილი შეაქვს ექსპორტშიც. ღვინო არ არის მხოლოდ ეკონომიკის ნაწილი. ეს ჩვენი იდენტობის ნაწილიცაა და რა თქმა უნდა, ხარისხიანი ღვინო არის ის, რა მიზანსაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ. ყველანაირი კომპრომისი ხარისხთან დაკავშირებით მიუღებელია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, დღეს მთავრობის სხდომაზე გავიდა საკითხი და შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო შესაძლებლობა მილიონზე მეტი დახარჯოს იზოტოპური ლაბორატორიის ინსტრუმენტების შესაძენად, რაც ხარისხსის კონტროლის გაუმჯობესების საშუალებას მოგვცემს.

გიორგი გახარიას ინფორმაციითვე, უახლოეს პერიოდში შეხვედრა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართება.