პრემიერი სამშენებლო სექტორს - დანდობის, გაფრთხილებისა და მოფერების გარეშე მეუბნებით, სად რა პრობლემა გაქვთ, ან მეუბნებით, რომ ყველაფერი კარგადაა და თქვენც ბედნიერი იქნებით და მეც

ყველანაირი დანდობის, გაფრთხილებისა და მოფერების გარეშე თქვენ მე მეუბნებით, კონკრეტულად სად რა პრობლემა გაქვთ, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვედრის დაწყებისას.

გახარიას თქმით, ესმის, რომ საბანკო თუ სხვა სახის რეგულაციებმა სამშენებლო სექტორს გარკვეული პრობლემები შეუქმნა და სადაც პრობლემების სწრაფად გადაჭრის რესურსია, პრობლემები სწრაფად უნდა გადაიჭრას და ასევე სისტემური პრობლემების მოგვარების გზები დაისახოს.

„მოგეხსენებათ, დავიწყეთ შეხვედრების სერია. მიზანი არის მარტივი, რაც შეიძლება სწრაფად გავზომოთ ტემპერატურა, განსაკუთრებით იმ სექტორებში, რომლებიც ძირითადი მამოძრავებელია ჩვენი ეკონომიკისთვის, როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.

მესმის, რომ 2017 წელი იყო უკეთესი, ვიდრე 2018. გასულ წელს იყო გარკვეული პრობლემები როგორც რეგულირების, ისე ადმინისტრირების საკითხებში. 2019 წელი საკმაოდ იმედისმომცემია, თუმცა კარგად მესმის, რომ საბანკო რეგულაციების, ისევე როგორც დარგში სხვა სახის რეგულაციების შემოღებისა თუ გამკაცრების შედეგად, რაღაც სირთულეები შეიქმნა. უნდა ვეცადოთ, რომ მარტივად მივიდეთ არსებული პრობლემების სწრაფ გადაჭრამდე.

მშენებლობის სექტორი არის მზარდი. ამიტომ, ყველანაირი ერთმანეთის დანდობის, გაფრთხილებისა და მოფერების გარეშე მეუბნებით, კონკრეტულად სად რა პრობლემა გაქვთ, საიდან გამომდინარეობს ან გვეუბნებით, რომ ყველაფერი კარგადაა და თქვენც ბედნიერი იქნებით და მეც", - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერი უკვე შეხვდა ტურიზმისა და მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის წარმომადგენლებს.