Mercedes-Benz-მა გაყიდვებით BMW-ს სექტემბერშიც აჯობა

მსოფლიოს პრემიუმ სეგმენტის ლიდერმა კომპანიებმა სექტემბრის გაყიდვების მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.

აღსანიშნავია, რომ ამ სეგმენტის ლიდერ სამ კომპანიას წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით ზრდა უფიქსირდება. „გერმანული სამეული“ კვლავ სეგმენტის ლიდერად რჩება, თუმცა, თავად მათ შორის კონკურენციაც წლიდან წლამდე მძაფრდება, ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია Mercedes-Benz-სა და BMW-ს გაყიდვებს შორის.

სექტემბრის მონაცემებით, Mercedes-Benz-მა 223,838 მსუბუქი ავტომობილი გაყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 10.4%-ით მეტია და ის ერთადერთია ამ სამეულს შორის, რომელსაც ორნიშნა ზრდა დაუფიქსირდა. ჯამში, კომპანიას მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში გაყიდული აქვს 1,725,243 ავტომობილი და ამ ციფრებში, რა თქმა უნდა, არც კომერციული დანიშნულებისა და არც სატვირთოების გაყიდვები არ შედის, რომელიც ამ ბრენდის ლოგოს ქვეშ გამოდის. ასევე არ ირიცხება მისი კუთვნილი Smart ბრენდის გაყიდვები. წინა წელთან შედარებით, კომპანიის გაყიდვების ზრდა 0.6%-ია.

რაც შეეხება კონკურენტ BMW-ს, მისი გაყიდვებიც გაიზარდა, ოღონდ 4.8%-ით და 210,427 ერთეული შეადგინა. ბავარიულმა კომპანიამ მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით, 1,601,397 მსუბუქი ავტომობილი გაყიდა, რაც წინა წელზე 2.2%-ით მეტია. ამ ციფრებში ასევე არ შედის მათი კუთვნილი ბრიტანული ბრენდების გაყიდვები.

რაც შეეხება სამეულის მესამე წარმომადგენელს, მისი გაყიდვები კონკურენტებისას მნიშვნელოვნად ჩამორჩება, თუმცა სეგმენტის სხვა მოთამაშეებს Lexus, Volvo, Tesla და სხვებს მნიშვნელოვნად უსწრებს. Audi-ს გაყიდვებმა სექტემბერში 145,400 შეადგინა ( ზრდა +4.5%), ხოლო წლის განმავლობაში 1,357,100(-3.6%) ავტომობილი აქვს რეალიზებული.

კოკა კვირკველია