როგორ გავხდეთ YouTube-ისა და Instagram-ის „ინფლუენსერი“ და მარტივად ვიშოვოთ ფული

სოციალურ მედიაში არაერთი „ინფლუენსერია“, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტს რეკლამას უკეთებენ და ამით გარკვეულ ფულს გამოიმუშავებენ. აღსანიშნავია, რომ მათმა უმეტესობამ საქმიანება ჩვეულებრივი მობილური ტელეფონისა და რამდენიმე აპლიკაციის მეშვეობით დაიწყო.

Business Insider-ი გთავაზობთ, რამდენიმე მარტივ ხერხს, რომელთა მეშვეობითაც შეგიძლიათ YouTube-ისა და Instagram-ის „ინფლუენსერი“ გახდეთ და მარტივად გამოიმუშაოთ გარკვეული თანხა.

აირჩიეთ კონკრეტული თემა

ცნობილი YouTube-ერი ბენჯი ტრევისი, რომელსაც ათასობით მიმდევარი ჰყავს, გვირჩევს არ დავხარჯოთ ფული ძვირადღირებულ აღჭურვილობაზე. ტრევისი და მისი მეუღლე უკვე წლებია თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების მომენტებს სოციალურ მედიაში ავრცელებენ.

ისინი გვირჩევენ, მოვიფიქროთ რაიმე კონკრეტული თემა, რომელთან დაკავშირებითაც ყოველდღიურად დავდებთ ფოტოებსა და ვიდეოებს.

იმუშავეთ ხარისხის გაუმჯობესებაზე

მათი კიდევ ერთი რჩევაა მუდმივად ვიმუშაოთ ხარისხის გაუმჯობესებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ახალი ვიდეო წინაზე უკეთესი იყოს. YouTube-ერობის შემთხვევაში ვიდეოების ატვირთვისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ განათებისა და მონტაჟის ხარისხის გაუმჯობესებას.

გააანალიზეთ მონაცემები და სტატისტიკა

ცნობილი „ინფლუენსერები“ გვირჩევენ ყოველთვის დავუთმოთ დრო არსებული მონაცემების გაანალიზებასა და სტატისტიკას. უნდა დავაკვირდეთ, თუ რომელი ფოტო და ვიდეო იმსახურებს განსაკუთრებულ მოწონებას, როგორია ხალხის დამოკიდებულება და კომენტარები. ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ იმ კუთხით უნდა გააგრძელოს მუშაობა, რომელიც უფრო პოპულარობით სარგებლობს.

ყურადღება მიაქციეთ ფერებს

Instagram-ერობის შემთხვევაში გირჩევთ შეარჩიოთ კონკრეტული თემა და რაც შეიძლება ხშირად დადოთ ფოტოები და ე.წ. „სთორები“. ის Instagram-ერები, რომლებსაც მილიონობით გამომწერი ჰყავთ, გვირჩევენ ფოტოები ერთი და იმავე პროგრამითა და ფერით დავამუშაოთ. ამასთან, ფოტოების დამატებისას სჯობს გამოიყენოთ ე.წ. „ჰაშთაგები“, რათა ისინი უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს.

ბრენდებთან დაკავშირება

მას შემდეგ, რაც მიმდევართა გარკვეულ აუდიტორიას შექმნით დროა ბრენდებთან თანამშრომლობა დაიწყოთ. ერთ-ერთი წარმატებული „ინფლუენსერი“ ალიშა მარია, რომელსაც YouTube-ზე 8 მილიონი გამომწერი ჰყავს, გვირჩევს პირდაპირ მივწეროთ კომპანიებსა თუ ბრენდებს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

მისი აზრით, სჯობს მათ პატარა და მარტივი შეტყობინება მივწეროთ თანამშრომლობის შესახებ და გავარკვიოთ, სჭირდებათ თუ არა „ინფლუენსერი“ მოცემულ მომენტში.

ბექა ბერიაშვილი