წალკაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შეიქმნა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე წალკის რაიონის სოფელ ავრანლოში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მინისტრის მოადგილემ და სააგენტოს თავმჯდომარემ, კოოპერატივების მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილ სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრეს და ფერმერების შეკითხვებს უპასუხეს. წალკა პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც მეორე დონის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შეიქმნა. დავით გალეგაშვილმა კოოპერატივების გამსხვილება დადებითად შეაფასა.

"წალკის მაგალითი ადასტურებს, რომ კოოპერაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ახლად შექმნილმა კოოპერატივებმა უკვე სამ თვეში საკუთარი შემოსავლები და პროდუქციის რეალიზაცია გაზარდეს, რამაც გლეხების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება განაპირობა", - განაცხადა დავით გალეგაშვილმა.

დავით გალეგაშვილმა და გიორგი მიშელაძემ ახლად შექმნილი მეორე დონის კოოპერატივის ,,თეზი" საქმიანობას ადგილზე გაეცნენ და რძის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი "თეზი" ოთხი კოოპერატივის - "ქცია 2014", "ხანდო 2014", ,,კორსუ 2014", "გუმბათი 2014" - გაერთიანების შედეგად შეიქმნა და 43 წევრს აერთიანებს. მისი ძირითადი საქმიანობა მერძევეობაა. გაერთიანების შემდეგ რძის წარმოება დღეში 5 ტონამდე გაიზრდა. აღნიშნული რძით კოოპერატივი რძის პროდუქტების მწარმოებელ საწარმო "ნატურალ პლიუსს" ამარაგებს. კონკურენციის შედეგად, რძის რეალიზაციის ფასმა 30-60 თეთრიდან 90 თეთრამდე მოიმატა და ადგილობრივი გლეხების შემოსავალი 200-300 ლარით გაიზარდა. კოოპერატივი "თეზი" გაფართოვებასა და გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას გეგმავს.