ეკონომიკის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ჩაერთოს ვეტერანი ავიატორების წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტაში

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მზადყოფნას გამოთქვამენ, ჩაერთონ ვეტერანი ავიატორების წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტაში. ამგვარად ეხმაურებიან ეკონომიკის სამინისტროში „ინტერპრესნიუსთან“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ვეტერანი მფრინავები და ავიატორები ნათია თურნავას წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ საკითხზე მათ განცხადება შაბათსაც გაავრცელეს.

„პირველ ყოვლისა, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დიდი პატივისცემა საქართველოს საავიაციო სფეროს ყველა წარმომადგენლის, მით უფრო ვეტერანი ავიატორების მიმართ, რომლებმაც შექმნეს ქართული საავიაციო სკოლა და საფუძველი ჩაუყარეს ამ დარგს საქართველოში. ამიტომ ძალიან ვწუხვართ, როდესაც ამ ადამიანების სახელით ზოგიერთი არასერიოზული პოლიტიკოსი ცდილობს ქულების ჩაწერას.

ნათია თურნავას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში, რომელიც 2005 წელს განხორციელდა. მეტიც, ის ამ დროს, საერთოდ არ მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში.

კიდევ ერთხელ გვინდა პატივისცემა გამოვხატოთ ავიაციის სფეროს წარმომადგენელთა მიმართ და იმედი გამოვთქვათ, რომ ისინი არ აყვებიან პროვოკაციას და არ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის უნებურ გავრცელებას.

ამასთან, მზადყოფნას გამოვხატავთ სამინისტროს სახელით ჩავერთოთ ვეტერანი ავიატორების წინაშე მდგარი სოციალური თუ სხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაში და დავიცვათ მათი ინტერესები ისევე, როგორც ყოველთვის როდესაც საქმე ეხება საქართველოს ეკონომიკაში დასაქმებული ადამიანების ინტერესებს“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.