საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და გაეროს ქალთა ორგანიზაცია აგროტურიზმში საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ კონსულტაციებს გამართავენ

15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და გაეროს ქალთა ორგანიზაცია აგროტურიზმში საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ კონსულტაციებს გამართავენ - ამის შესახებ ინფორმაციას ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება თბილისში, სასტუმრო „მოქსში“ გაიმართება.

ღონისძებას, ორგანიზატორებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების — „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრაზე ასევე მოწვეულები არიან აგროტურიზმში ჩართული, სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალები. მონაწილეები აგროტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელებენ.

აგროტურიზმი საქართველოში კანონმდებლობით არ რეგულირდება. ახალი საკანონმდებლობო ინიციატივა მიზნად ისახავს რეგიონებში ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზების წახალისებას, ქვეყნის აგროტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაციას, მცირე და საშუალო საოჯახო სასტუმროების განვითარებასა და ამ სფეროში დასაქმებული მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ამას გარდა, საკანონმდებლო რეგულაციები სხვადასხვა უწყების კოორდინირებულ თანამშრომლობასაც შეუწყობს ხელს.

საქართველოში აგროტურიზმის სფეროში ძირითადად ქალები არიან დასაქმებულები. მათი ნაწილი ჩართულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტში „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“, რომელიც ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ხორციელდება. საკანონმდებლო ინიციატივის საჭიროებაც სწორედ ამ პროექტის მონაწილე ქალებთან მუშაობის შედეგად გამოიკვეთა.

პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.