მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ ოფიციალურად დართო ნება ვაშინგტონს, დააწესოს საბაჟო ტარიფები ევროკავშირიდან იმპორტირებულ 7,5 მილიარდი დოლარის პროდუქციაზე, რაც უნდა გახდეს პასუხი ევროკომისიის მიერ ავიაკონცერნ Airbus SE-ის არასამართლიან სუბსიდირებაზე.
2 ოქტომბერს გადაწყვეტილება მსო-ს წევრებმა სპეციალურ სხდომაზე მიიღეს, რომელიც გუშინ ჟენევაში გაიმართა.
ეს თანხმობა იყო ბოლო ბარიერი ვაშინგტონისთვის აემოქმედებინა ახალი საბაჟო ტარიფები. მანამდე ვაშინგტონში აცხადებდნენ, რომ 19 ოქტომბრიდან ევროპიდან იმპორტირებულ თვითმფრინავებზე 10%-იან ტარიფებს, ხოლო სხვადასხვა ტიპის სამრეწველო და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე 25%-იან ტარიფებს აამოქმედებდნენ.
თავის მხრივ, ევროკავშირი ვაშინგტონს Boeing-ის არასამართლიან სუბსიდირებაში ადანაშაულებს და ეს დავა მსო-ს ფარგლებში უკვე 15 წელია გრძელდება.