არაფინანსური კორპორაციების მთლიანი შემოსავლები 2018 წელს  6.9 მლრდ ლარი იყო - „საქსტატი“

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2018 წლის ბოლოსთვის 61.7 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 6.6 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გამოსახული.

2018 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 14.3 მილიარდი ლარია.

„არაფინანსური კორპორაციების ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 2018 წლის ბოლოსთვის 2.3 მილიარდი ლარი შეადგინა. 2018 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 2.4 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი - 51.7.

2018 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 39.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა (აქედან, მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა 10.2 მილიარდ ლარს). მთლიანი ვალდებულებებიდან 11.1 მილიარდი ლარი წარმოადგენს ვალდებულებებს უცხოური ვალუტით. მთლიანი ვალიდან არარეზიდენტების მიმართ 2018 წლის ბოლოსათვის არსებულმა ვალმა (საგარეო ვალი) 6.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

ფინანსური წარმოებულების ღირებულება 41.8 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2018 წლის ბოლოსთვის 22.5 მილიარდი ლარი შეადგინა,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

ამასთან, არაფინანსური კორპორაციების მიერ 2018 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მთლიანი შემოსავლები 6.9 მილიარდი ლარი იყო.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) 6.2 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით - 1 118.2 მილიონი ლარია. ვალის მომსახურება ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების მიხედვით - 53.3 მილიონი ლარი, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით - 294.8 მილიონი ლარი.

თაია არდოტელი