სახელმწიფო სუბსიდია არასტანდარტული ვაშლისთვის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებას იწყებს.

ხილის გადამამუშავებელი კომპანიები არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ და ასევე, მათ საშუალება ექნებათ, ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მე-6 კომპონენტის ფარგლებში აიღონ კრედიტი, რომლის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.10 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.08 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინიციატივით, საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, ქ.გორში 10 სექტემბრიდან საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოში მეხილეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.