ვადა გაგრძელებული იყო 31 დეკემბრამდე და „ანაკლიის კონსორციუმისთვის“ არანაირი ახალი ვადის გაგრძელება არ მომხდარა, გუშინ პრაქტიკულად, ინვესტორები გაყარეს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ინფორმაცია ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით არის ტყუილი და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
„ეს არის კიდევ ერთი, მორიგი ტყუილი, რამეთუ ვადა გაგრძელებული იყო 31 დეკემბრამდე და არანაირი ახალი ვადის გაგრძელება არ მომხდარა, ეს არის მოსახლეობისა და ანაკალიის კონსორციუმის გულშემატკივრების შეცდომაში შეყვანა, 15 ოქტომბერი იყო ინვესტორების წარდგენის ვადა. მე და ბადრი ჯაფარიძემ დავტოვეთ კომპანია სექტემბერში, დავტოვეთ შეგნებულად, რომ ჩამოვცილებოდით და ხელი შეგვეწყო კომპანიის ახალ ხელმძღვანელებსა და სახელმწიფოს შორის ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებას პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე. პროექტი არის ეროვნული მნიშვნელობის,“ - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, გუშინ პრესკონფერენციაზე არათუ კონსტრუქციული დიალოგი მოვისმინეთ, არამედ პრაქტიკულად ინვესტორების გაყრა მოხდა.
„იმის გამო, რომ ჩვენ ინვესტიცია ვერ მოვიტანეთ და აქედან გამომდინარე სახელმწიფო ვადას აგრძელებს, არ შეესაბამება სიმართლეს“, - აცხადებს ხაზარაძე.