საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის კუთვნილი შპს-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, თბილისის მერიის კუთვნილი შპს "მცენარეთა დაცვის საწარმოს" ყოფილი თანამშრომელი ანზორ გუჯეჯიანი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ანზორ გუჯეჯიანი აყალბებდა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სახელით გაცემულ ე.წ "დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება - ჩაბარების დოკუმენტებს". ბრალდებული გაყალბებულ საბუთებს თბილისის ტერიტორიაზე ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირების მიზნით, მოქალაქეების სახელზე გასცემდა, რა დროსაც, მათგან სხვადასხვა ოდენობის თანხას იღებდა", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.