"სოფლის რწმუნებულები“ საჯარო მოხელეები აღარ იქნებიან -რა საფრთხეებს ხედავენ კანონში დაგეგმილ ცვლილებებში

"სოფლის რწმუნებულები“ საჯარო მოხელეები აღარ იქნებიან.

აღნიშნულს, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები გულისხმობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

ცვლილების თანახმად, ე.წ. სოფლის რწმუნებულებისთვის საჯარო მოხელის სტატუსი გაუქმდება და ისინი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადავლენ. ეს კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, მათი სრულად პოლიტიზების და წინასაარჩევნოდ ვიწრო პარტიული მიზნებისთვის გამოყენების რისკებს ზრდის.

„კანონპროექტით შემოთავაზებულია საჯარო სამსახურთან დაკავშირებული რამდენიმე ცვლილება, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისთვის (სოფლის რწმუნებული) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმების ვალდებულების და პროფესიული საჯარო მოხელის კარიერული განვითარების ახალი პროცედურის – შიდა კონკურსის შემოღება.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც სხვა ცვლილებებთან ერთად იგეგმება ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებისთვის (ე.წ. სოფლის რწმუნებული/გამგებელი) საჯარო მოხელის სტატუსის შეწყვეტა და მათი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადაყვანა. მერის წარმომადგენელი, ხშირ შემთხვევაში, სოფელში ერთადერთ საჯარო მოხელეს წარმოადგენს, ამ ცვლილებით, კი იქმნება საფრთხე, რომ მოხდეს მათი სრულად პოლიტიზება და წინასაარჩევნოდ ვიწრო პარტიული მიზნებისთვის გამოყენება.

მერის წარმომადგენლებისთვის სტატუსის შეცვლის მცდელობას 2017 წელსაც ქონდა ადგილი, ამ პროცესს მაშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გამოეხმაურა და გარდა პროცესის უკანონობისა, ასევე ამ თანამდებობის პოლიტიზირების გაზრდილ რისკებს გაუსვა ხაზი. ორი წლის წინ ეს პროცესი შეჩერდა და მერის/გამგებლის წარმომადგენლებს ისევ დაუბრუნდათ საჯარო მოხელის სტატუსი. ამჯერად ცვლილება პირდაპირ კანონში იგეგმება და მისი მიღების შემთხვევაში მუნიციპალიტეტებს სხვა არჩევანი არ ექნებათ გარდა იმისა, რომ მერის წარმომადგენლებს პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსი შეუცვალონ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულით, რაც ნიშნავს რომ მათ დანიშვნას განახორციელებს მერი ერთპიროვნულად, მათი სამსახურში მიღება მოხდება მერის უფლებამოსილების ვადით, ამასთან, მერს ნებისმიერ დროს შეეძლება რწმუნებულის გათავისუფლება,“-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციაში.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ორგანიზაციის შეფასებით, მერის წარმომადგენლების პოლიტიზირების თავიდან ასაცილებლად უნდა შენარჩუნდეს მათი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსი, რაც ასევე მნიშვნელოვანია ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნების და სახელმწიფო სერვისების პოლიტიკურად ნეიტრალურ გარემოში მიწოდების უზრუნველსაყოფად.

ამასთან, პროცესის გამჭვირვალობისთვის და საჯარო სამსახურის სისტემის სტაბილურობისთვის, ორგანიზაციაში აუცილებლად მიაჩნიათ შიდა კონკურსის ჩატარების ძირითადი პრინციპები განისაზღვროს კანონით და მხოლოდ პროცედურის დეტალები დაკონკრეტდეს მთავრობის დადგენილებით.

თაია არდოტელი