19 და 20 ოქტომბერს დევდორაკის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ133 მონაკვეთზე მდებარე „დევდორაკის“ საავტომობილო გვირაბში, 19 და 20 ოქტომბერს, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, შპს „ფერის“ მიერ დაგეგმილია გვირაბის კუთვნილებისა და მოწყობილობების მიმდინარე ინსპექტირება. ამის გამო, აღნიშნულ პერიოდში გვირაბში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარატმენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება „დევდორაკის“ საავტომობილო გვირაბის შემოვლით გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.