მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი იქმნება

საქართველოში მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი შეიქმნება.

ტექნოლოგიური პარკი ოქროყანაში, 18 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენდება და მისი ძირითადი მიზანი, ცოდნაზე დაფუძნებული მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობის გაზრდა და მათი განვითარება იქნება.

საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკის პრეზენტაცია დღეს, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მესამე პავილიონში გაიმართა. ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მისი პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე დაესწრნენ.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით აშენდება. მისივე თქმით, ტექნოლოგიური პარკი შექმნის ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციური იდეების განვითარებას. მინისტრის განცხადებით, ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს შესთავაზებს მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომ რესურსებსა და განსაკუთრებულ როლს ითამაშებს ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების შექმნაში. მისივე თქმით, ტექნოლოგიური პარკი იძლევა შესაძლებლობას საქართველოში დაფუძნდეს საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობები და მოხდეს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

"პარკის ტერიტორიაზე იმუშავებს აქსელერატორი, მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგ-ცენტრები და შოუ-რუმები, იმუშავებს მაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია, საკონფერენციო დარბაზი და სხვა სერვისები, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებას", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ცენტრის საშუალებით, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს უახლეს ტექნოლოგიებთან ექნებათ წვდომა, ასევე ნიჭიერი ადამიანები საკუთარი იდეების კომერციალიზაციას შეძლებენ ისეთ უმსხვილეს კომპანიებში, როგორიც არის "გუგლი", "მაიკროსოფტი", "ჰუავეი".