"მნიშვნელოვანია, საქართველომ ენერგეტიკულ სექტორში რეგიონალური ჰაბის ფუნქცია შეასრულოს"

მნიშვნელოვანია, საქართველომ ენერგეტიკულ სექტორში რეგიონალური ჰაბის ფუნქცია შეასრულოს, - ამის შესახებ განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა განაცხადა.

ამასთან, გიორგი აბრამიშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ჩატარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარება მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ამით აქცენტი კეთდება საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობასა და მის მნიშვნელობაზე, რადგან ჩვენ ქვეყანას ნამდვილად შეუძლია შეასრულოს რეგიონალური ჰაბის ფუნქცია ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკულ სექტორში და ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი აზიასა და ევროპას შორის“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, საქართველომ 2017 წელს ხელი მოაწერა ევროპის ენერგეტიკულ ქარტიაში გაერთიანებას, რომლის საფუძველზეც სექტორში არაერთი რეფორმა განხორციელდა ან მიმდინარეობს. ამასთან, მისი მიზანია ქვეყნის ენერგოსექტორის ჰარმონიზაცია ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან.

„ჩვენ მივესალმებით აღნიშნული ფორუმის ჩატარებას თბილისში, რომ მოხდეს გამოცდილების გაზიარება და ინვესტიციების მოზიდვა განსაკუთრებით განახლებადი ენერგეტიკის სფეროში. საქართველოში ამჟამად ენერგეტიკული სექტორის დერეგულირება მიმდინარეობს, რომელმაც შექმნა ახალი შესაძლებლობა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის კუთხით,“ - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

თბილისის აბრეშუმის ფორუმი თბილისში 22-23 ოქტომბერს მესამედ ჩატარდება. მასზე მოწვეულია 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი.