ნათია თურნავა ანაკლიის პროექტზე - ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და კიდევ ერთი შანსი მისცა ინვესტორს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლებამ მიიღო პრაქტიკულად უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ინვესტორს მისცა კიდევ ერთი შანსი ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ინვესტორი ეს დღეები იქნება კონცენტრირებული ვალდებულებების შესრულებაზე და წლის ბოლოს, საბოლოო ჯამში დადებს შედეგს. იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ანაკლიის პორტი, რომ მეტი დაგვიანება ჩვენთვის მიუღებელია. იმედი გვაქვს, რომ ინვესტორი წლის ბოლოს მოვა კონკრეტული ხელშესახები შედეგებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, ანაკლიის პორტი თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, როგორც სახელმწიფოს და კერძო ინვესტორის პარტნიორობის სტრუქტურით გაკეთებული პროექტი.

„ეს არის კერძო-საჯარო პარტნიორობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, გვირჩევნია და ჩვენი პრიორიტეტია, რომ კერძო ინვესტორმა თქვას თავისი სიტყვა და წვლილი შეიტანოს ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებაში. სწორედ ამიტომაც მივეცით კიდევ ერთი შანსი და გადავავადეთ. შემდგომში ვიფიქრებთ, ალბათ, სხვა სტრუქტურაზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს პროექტი იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მიუხედავად, ასე ვთქვათ, კერძო ინვესტორის პრობლემებისა, ჩვენ ამ პროექტს მაინც განვახორციელებთ. მე მოგიწოდებთ, რომ დავიცადოთ წლის ბოლომდე, ვაცადოთ ინვესტორს, რომ მოახდინოს თავისი ძალისხმევის კონცენტრირება სწორედ ამ პროექტის დაგვირგვინებაზე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წინ წავწევთ ამ პროექტს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.