"თუ ლარის კურსის სერიოზული დევალვაცია არ მოხდა, ხორბლის ფასები არ გაიზრდება"

ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, თუ ლარის კურსის სერიოზული დევალვაცია არ მოხდა, ხორბლის ფასები არ გაიზრდება. ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრისა და ბიზნეს ასოციაციების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეისათვის ხორბლის ბაზარზე სიტუაცია საკმაოდ სტაბილურია. ჩვენ არ ველოდებით დიდ რყევებს, თუ ლარის კურსის სერიოზული მერყეობა არ მოხდა. დღევანდელ შეხვედრაზე ლარის კურსზეც იყო ლაპარაკი. ეს არის თემა, რომელზეც ვართ დამოკიდებული, რადგან მცირე ეკონომიკა ვართ და ყველა რყევა ჩვენს რეგიონში თუ გარე ბაზრებზე, სამწუხაროდ, აისახება ჩვენზე, რადგან საკმაოდ დიდი იმპორტი გვაქვს. შესაბამისად, გასაძლიერებელია ადგილობრივი წარმოება და ექსპორტის ხელშეწყობა,"- განაცხადა ლევან სილაგავამ.

ის ასევე გამოეხმაურა პურის ფასის გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც სილაგავას შეფასებით, ინტერპრეტირებული იყო და აღნიშნა, რომ რეალურად ფასები 2018 წელს გაიზარდა და მას შემდეგ არ შეცვლილა.