„ფონდმა „ქართუმ“ „საყოველთაო ინტერნეტიზაციის“ პროექტის დაფინანსებაზე კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა"

„საყოველთაო ინტერნეტიზაციის“ პროექტის დაფინანსებაზე კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა „ფონდმა ქართუმ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოდელის განახლება და დეტალები განხილული იქნება მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში 28 ოქტომბერს ჩამოვლენ.

„საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება, ჩვენ ახლა ვაკეთებთ მოდელის განახლებას და მინდა გამოვკვეთო პირველ რიგში ის რეგიონები, სადაც არის ტურისტული პოტენციალის განვითარება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თუ რა ინტერნეტი იქნება მიწოდებული ოჯახებისთვის, მაგრამ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ასევე შექმნის შესაძლებლობას მცირე და საოჯახო სასტუმროების ბიზნესის განვითარებისთვის და ამ კუთხით იქნება შერჩეული რეგიონები. ამის შემდეგ დაზუსტდება ბიუჯეტი და რაც მნიშვნელოვანია ფონდმა „ქართუმ“ კვლავაც დაადასტურა თავის მზადყოფნა, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ პროექტში. როდესაც ჩვენ დავაზუსტებთ ბიუჯეტს, შემდეგ გადავწყვეტთ დაფინანსების წყაროებს. 28 ოქტომბერს ველოდებით მსოფლიო ბანკის მისიას, რომელიც თავის რჩევებით, კონსულტაციებით გვეხმარება ამ პროექტის სწორ ორგანიზებაში და ამ დროისთვის ვიქნებით მზად, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა გვქონდეს,“- განაცხადა ნათია თურნავამ.