სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა

2019 წლის სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.0 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 11.2 პროცენტით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ფასების 0.9 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.

ფასები 1 პროცენტით გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 11.9 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 9.58 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (12.6 პროცენტი), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (9.5 პროცენტი), ასევე ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (42.4 პროცენტი);

• სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: დაფიქსირდა ფასების 21.5 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა;

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 1.9 პროცენტით, რამაც 0.27 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე.

ლიკა ამირაშვილი