უზბეკეთის ვიცე-პრემიერი - საქართველო უკიდურესად მნიშვნელოვანი ქვეყანაა სატრანზიტო თვალსაზრისით

საქართველო უკიდურესად მნიშვნელოვანი ქვეყანაა სატრანზიტო თვალსაზრისით. მას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია ამ მხრივ და ტვირთების იმ ნაკადის გამოყენება, რომელიც საქართველოზე გაივლის, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ ეკონომიკურ ეფექტს განაპირობებს, - აღნიშნული განცხადება უზბეკეთის ვიცე-პრემიერმა, ელიორ განიევმა, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნისას გააკეთა.

„მსურს აღვნიშვნო, რომ 2017 წლის კონფერენციაში მონაწილეობამ ბიძგი მისცა თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას საქართველოსა და უზბეკეთს შორის. რაც შეეხება კონკრეტულ შედეგებს - ტვირთბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის 30%-ით გაიზარდა, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის მაქსიმალური ზღვარი. გაიზარდა საწარმოების ერთობლივი პროექტების რაოდენობა. ძირითადი ფაქტორი უზბეკეთისა და ცენტრალური აზიის, კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო სექტორია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოვაყალიბოთ საიმედო ეფექტური სატრანსპორტო კორიდორები, იქიდან გამომდინარე, რომ მრავალ ქვეყანას არ აქვს გასასვლელი ზღვაზე. უზბეკეთი სწორედ ასეთი ქვეყანაა. თუმცა ქვეყნის ეკონომიკის განითარების სწრაფი ტემპი - დაახლოებით 6% წელიწადში, ჩვენი ეკონომიკის საექსპორტო მიმართულების ჩამოყალიბება მოითხოვს ჩვენგან ეფექტური სატრანსპორტო კორიდორების ჩამოყალიბებას. აქედან გამომდინარე, წინა კონფერენციის განმავლობაში, როდესაც პროექტებს განვიხილავდით „ერთი სარტყელი ერთი გზის“ კონტექსტში, დავიწყეთ აქტიური ხელშეწყობა ჩინეთი - ცენტრალური აზია- კავკასია- ევროპის კორიდორის ჩამოყალიბების, რაც უზრუნველყოფს რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთდაკავშირებას, ასევე ძველი აბრეშუმის გზის აღორძინებასა და ძლიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რეგიონის ყველა ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა ელიორ განიევმა.

უზბეკეთის ვიცე-პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების შესწავლა ბევრ სფეროში. მისი განმარტებით, რეფორმები, რომლებიც საქართველოში გატარდა, ეფექტური იყო. განიევმა მსგავსი რეფორმების უზბეკეთში განხორციელების სურვილი გამოთქვა.

„კიდევ ერთი ასპექტი, რომელშიც საქართველოს გამოცდილება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს არის ტურიზმი. საქართველო ძალიან განვითარდა ამ მიმართულებით. უზბეკეთსაც გააჩნია ძალიან მაღალი ტურისტული პოტენციალი და რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა უფრო აქტიური თანამშრომლობა საქართველოს გამოცდილების შესწავლისა და ასევე ერთობლივი შესაძლებლოსბების გამოყენების თვალსაზრისით“, - განაცხადა უზბეკეთის ვიცე-პრემიერმა.