თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ირაკლი ქარსელაძემ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ მოხსენება გააკეთა და „ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის“ მნიშვნელობაზე, მის როლზე ეკონომიკურ ზრდის, რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბარი, ასევე შეეხო ახალ საგზაო მაგისტრალებზე მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებებსა და ციფრული საშუალებების გამოყენების საკითხებს.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მიზანია, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში.

მიმდინარე წელს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი ესწრება.