„საქართველოს მთავრობამ ბევრი ეკონომიკური რეფორმა გაატარა, მათ შორის ბიზნესის ღიაობასთან და დაბალ გადასახადებთან დაკავშირებით"

გლობალური მაკროეკონომიკური საკონსულტაციო ფირმის აღმასრულებელი დირექტორის ნურიელ რუბინის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ბევრი ეკონომიკური რეფორმა გაატარა, მათ შორის ბიზნესის ღიაობასთან და დაბალ გადასახადებთან დაკავშირებით.

აღნიშნულის შესახებ რუბინმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ გამართული პანელის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომელსაც მოდერაციას თავად უწევდა.

რუბინის შეფასებით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა საკმაოდ დიდი უპირატესობაა, რადგან ქვეყანა აბრეშუმის გზის ცენტრში მდებარეობს.

„თქვენი ეკონომიკა ღიაა, თავისუფალ ვაჭრობასთან, კერძო ბიზნესის ღიაობასთან, დაბალ გადასახადებთან დაკავშირებით არაერთი რეფორმა განახორციელეთ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვისაც ღია ხართ; საერთო ჯამში, ბიზესგარემო საკმაოდ მდგრადია, რაც ეკონომიკური წარმატებისთვის საბაზისო მდგომარეობას წარმოადგენს. ვიტყოდი, რომ მთავარი გამოწვევა ამ ღიაობის მიუხედავად, პროდუქციის დივერსიფიცირების შეზღუდული მაჩვენებელია - თქვენ ფოკუსირებული ხართ კაკლის, ღვინის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე, მაგრამ უფრო ფართო დასახელების პროდუქცია უნდა აწარმოოთ და საექსპორტოდ გაიტანოთ. ვფიქრობ, წარმოების ინდუსტრიაში მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა მეტი ტექნოლოგიის შექმნისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ნურიელ რუბინმა.

ექსპერტმა საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებიც მისცა. მისი თქმით, მთავრობის პრიორიტეტს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სფეროები წარმოადგენს და ამავდროულად, ახალი რეფორმების გატარებაა საჭირო.

„პირველ რიგში, საქართველოს მთავრობამ ბევრი ეკონომიკური რეფორმა გაატარა. ვიტყოდი, რომ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. საგანმანათლებლო რეფორმები უკვე საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ასევე, პრიორიტეტს წარმოადგენს ინფრასტრუქტურაში ინვესტირება, ტრანსპორტირება და ლოგისტიკა, რომელსაც განვითარებაში დიდი როლი აქვს; პრიორიტეტია ენერგეტიკა, როგორც ჰიდრო, ისე ქარის ენერგიის მიმართულებით; ბიზნეს სექტორს უკვე საკმაოდ დაბალი გადასახადები აქვს, თუმცა შესაძლოა, გადახდისუუნარობის კანონი გჭირდებათ, ასევე, გჭირდერბათ უფრო გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო სისტემა და რეალურად, უნდა იფიქროთ იმაზე, თუ წარმოებული პროდუქციის დივერსიფიცირება როგორ არის შესაძლებელი.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ შესანიშნავი სამზარეულო გაქვთ, არაჩვეულებრივი მუსიკა, ხელოვნება, მრავალფეროვანი კულტურა და ა.შ“, - აღნიშნა რუბინმა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პატრონაჟით 22-23 ოქტომბერს იმართება. ფორუმი წარმოადგენს მაღალი დონის დიალოგს მთავრობებსა და ბიზნესებს შორის, ასევე, მოიცავს მათ შორის გამართულ ორმხრივ შეხვედრებს.