„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი - ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველო რეგიონის სატრანსპორტო ჰაბი გახდეს

ჩინეთიდან მომავალი 42-ვაგონიანი მატარებელი, რომელიც ჩეხეთში მიემართება, საქართველოს საზღვარს დღეს გადაკვეთს. ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ჟურნალისტებს განუცხადა. ფერაძემ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებაზე საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.

„ბაქო-თბილისი-ყარსზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა საერთაშორისო ბაზარზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო დაუკავშირდა პირველ რიგში თურქეთის რკინიგზას სამატარებლო ხაზით. ამით უკავშირდება ასევე ცენტრალური აზიის და აფრიკის ქვეყნებს, ხმელთაშუა ზღვის დახმარებით. დღეს დაახლოებით ოთხ საათზე, ქსიანის პროვინციიდან წამოსული 42- ვაგონიანი მატარებელი, რომელიც მიემართება ჩეხეთის რესპუბლიკაში, გადაკვეთავს საქართველოს საზღვარს", - განაცხადა ფერაძემ.

რაც შეეხება ტვირთბრუნვას, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თქმით, მომავალი წლისთვის არის მოლოდინი, რომ ტვირთბრუნვა მილიონ ტონამდე გაიზრდება.

„წინა წელს იყო 150-170 ათასი ტონა. ეს არის საწყისი ეტაპი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი წლიდან ამ ციფრს 800-დან და მილიონ ტონამდე გავზრდით. რაც შეეხება იმას, თუ რას ვაკეთებთ, რომ უფრო მეტი ტვირთი მოვიზიდოთ, აქ არის სატარიფო პოლიტიკის საკითხი, გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა თურქულ კომპანიებთან, საერთაშორისო კომპანიებთან, დავდივართ საერთაშორისო პლატფორმებზე, რისი ერთ-ერთი მაგალითია „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც დიდ პოტენციალს აძლევს როგორც „საქართველოს რკინიგზას“, ისე ტრანსპორტის სექტორს, განავითაროს ჩვენი მიმართულება. ჩვენი მთავარი მიზანია საქართველო გახდეს სატრანსპორტო ჰაბი მთლიანად რეგიონის", - განაცხადა დავით ფერაძემ.