ზვიად კორძაძე პროკურატურის განცხადებაზე - ამოცანა მარტივია, წერილზე დაფიქსირებულია იმ ადამიანების ანაბეჭდები, ვისაც მასზე ხელი მიუწვდებოდა - პროკურატურამ უნდა დაადგინოს, ვინ არიან ეს პირები

მე არ ვიცი, რას გულისხმობს პროკურატურა. ვიცი, რომ წერილი იყო ორ ქვეყანაში და მასზე ანაბეჭდებია დაფიქსირებული, დანარჩენი უკვე პროკურატურის საქმეა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ „მუქარის წერილთან“ დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

პროკურატურის განცხადებაზე, რომ „წერილი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას“, კორძაძე აცხადებს, რომ წერილი საქართველოსა და ინგლისში იყო და პროკურატურამ უნდა დაადგინოს ვის ეკუთვნის მასზე არსებული ანაბეჭდები.

„ამოცანა მარტივია, წერილზე დაფიქსირებულია იმ ადამიანების ანაბეჭდები, ვისაც მასზე ხელი მიუწვდებოდა. უბრალოდ პროკურატურამ უნდა დაადგინოს, ვინ არიან ეს პირები. დაველოდებით პროკურატურის ქმედებებს. წერილი იყო საქართველოში და იყო ინგლისში, სხვა ქვეყნებში არ ყოფილა,“- აცხადებს კორძაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურაში იმ „მუქარის წერილის“ დედანი ჩააბარა, რომელიც მისი ინფორმაციით, შს ყოფილი მინისტრისა და მოქმედი პრემიერის, გიორგი გახარიასგან მიიღო.