ქვეყანა მწარმოებელი ეკონომიკის რელსებზე გადასვლას ვერ ახერხებს – ეკონომიკა კვლავ იმპორტზეა ჩამოკიდებული

საქართველო ღია ტიპის, მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყანაში მოქმედებს ეკონომიკა, რომელიც შეუზღუდავად ურთიერთქმედებს სხვა ქვეყნების ეკონომიკებთან. ამგვარი ურთიერთქმედება, ქვეყნებს შორის, საქონლის, მომსახურების, სამუშაო ძალისა და კაპიტალის ყიდვა-გაყიდვას გულისხმობს.

ბოლო სამი წელია საქართველოდან ექსპორტი იზრდება, მაგალითად თუ 2017 წელს ქვეყნიდან 2,735 მლრდ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, 2018 წელს ეს რიცხვი 3.355 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. ზრდა ფიქსირდება მიმდინარე წელსაც, მაგალითად იანვარ-სექტემბერში ქვეყნიდან ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 2,718 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 11%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ექსპორტის ზრდას რეექსპორტი განაპირობებს მცდარია იმდენად, რამდენადაც მართალია რეექსპორტს საერთო ექსპორტში, მნიშვნელოვანი წილი უჭირავს, მაგრამ ამის მიუხედავადაც, წმინდა ექსპორტის დინამიკაც, წლიდან წლამდე უმჯობესდება. მაგალითად, თუ რეექსპორტის გამორიცხვით, წმინდა ექსპორტის მოცულობა 2016 წელს 1.621 მლრდ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2017 წელს 2.010 მლრდ-მდე გაიზრდა, 2018- ში კი 2.226 მლრდ-ს მიაღწია.

ჩნდება კითხვა, რა გააქვს საქართველოს ექსპორტზე და რის ხარჯზე ხდება ექსპორტის ზრდა, სანამ კონკრეტულ ეკონომიკურ სექტორებს შევეხებოდეთ აუცილებელია აღვნიშნოთ, ისეთი გარემოება, როგორიც არის ლარის დევალვაცია. საქმე იმაშია, რომ როდესაც ეროვნული ვალუტა უფასურდება ის ბუნებრივად ახალისებს ქვეყნის ექსპორტს, თუ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტრენდს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მხოლოდ ბოლო 2 წელიწადში ეროვნული ვალუტა, დოლართან მიმართებაში საშუალოდ 25 პუნქტით გაუფასურდა, რამაც ცხადია ზეგავლენა მოახდინა, წმინდა ექსპორტზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რამაც პირდაპირი მნიშვნელობა მოახდინა ამჯერად უკვე ჩვენს რეექსპორტზე უკავშირდება ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს – კერძოდ, აზერბაიჯანს. საქმე ის არის, რომ აზერბაიჯანში 2014 წელს ამოქმედებულმა “ევრო 5-ის” სტანდარტმა მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა ჩვენს რეექსპორტს. მაგალითად, თუ 2013 წელს, ანუ აზერბაიჯანში ზემოთ ხსენებული რეგულაციის ამოქმედებამდე, რეექსპორტზე 703.9 მლნ დოლარის ავტომობილები გადიოდა, რეგულაციის ამოქმედებიდან 2 წელიწადში ეს რიცხვი 179 მლნ-მდე შემცირდა. ამასვე პერიოდს დაემთხვა ყაზახეთის ბაზრის დაკეტვა, რომელიც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდა, ეს კავშირი კი თავის მხრივ, წევრ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ურთულებს, არაწევრი ქვეყნებიდან პროდუქტის ექსპორტს.

თუმცა, ამის შემდეგ დილერებმა მოახერხეს იმ მოთხოვნებზე გადაწყობა, რომელსაც აზერბაიჯანული სტანდარტები მოითხოვდნენ და 2017 წელს ავტომობილების რეექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 198 მლნ გადააჭარბა, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდა 2018 წელს და ავტომობილების რეექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლამა 295 მლნ -ს მიაღწია. ამ პროცესებს დაემთხვა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაც, რომლის შემდეგაც უკრაინა იმ ტოპ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა სადაც ყველაზე მეტი ავტომობილის რეექსპორტი ხორციელდება.

კიდევ ერთი ბაზარი, რომელმაც ადაპტაცია მოახდინა, არის სომხეთის ბაზარი. საქმე ის არის, რომ ეს უკანასკნელიც ევრაზიული კავშირის წევრია და, ცხადია, მასაც იგივე პირობებს უყენებს კავშირი სავაჭრო ურთიერთობების დროს. თუმცა, ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებით, სომხეთში, პრაქტიკულად, არ არსებობს “ევრო სტანდარტები”. ეს გარემოება საშუალებას აძლევს სომხეთის მოქალაქეებს შეიძინონ ძველი ავტომობილები, რომელთა საბაზრო ღირებულებაც ძალიან დაბალია და ამით დააბალანსოს ის ფასთა სხვაობა, რომელსაც ევრაზიული კავშირი უქმნით.

ასევე საგულისხმოა, რომ აზერბაიჯანში "ევრო5″-ის სტანდარტის ამოქმედების, საქართველოში კი განბაჟების წესების ცვლილების შემდეგ, რომელმაც ძველი ავტომობილების განბაჟება მნიშვნელოვნად გააძვირა, სომხეთის ბაზარი, პრაქტიკულად ერთადერთია სადაც 15 წელზე ხანდაზმული ავტომობილები გაედინება.

რაც შეეხება, ზოგადად, საექსპორტო საქონელს, თუ 5 უმსხვილეს პროდუქტს ჩავხედავთ, აქედან მხოლოდ 2 ქმნის ადგილზე დამატებით ღირებულებას და მათი წილიც მთლიან წმინდა ექსპორტში მცირეა. კერძოდ, უმსხვილესი საექსპორტო საქონლების წილი ასეა განაწილებული, პირველ ადგილს სპილენძის მადნები იკავებს, თითქმის 18 %-ით, მას მოსდევს ავტომობილები 15.8%-ით, რომელიც თავის მხრივ, რეექსპორტია და წმინდა ექსპორტს საერთოდ არ წარმოადგენს, მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 8.6%-ით, ხოლოდ ბოლო ორ ადგილს ინაწილებს მედიკამენტებისა და ღვინის ექსპორტი 5.7-5.5%-ით სწორედ ეს არის ის პროდუქტები, რომლებიც ქვეყანაში იწარმოება და უკვე მზა ნაწარმის სახით გაედინება ქვეყნიდან.

რაც შეეხება იმპორტს, აქ ქვეყანა, პრაქტიკულად დამოკიდებულია იმპორტირებულ პროდუქციაზე და სამომხმარებლო კალათის 70% სწორედ იმპორტირებული პროდუქციით ივსება. ამასვე აჩვენებს უარყოფითი სავაჭრო სალდო, რომელიც უკვე წლებია უარყოფით ბალანსს ინარჩუნებს. მაგალითად, თუ მიმდინარე წლის მონაცემებს შევხედავთ, იანვარ- სექტემბერში იმპორტის მოცულობამ 6.474 მლრდ შეადგინა, რაც თითქმის 2.5 ჯერ მეტია, არა წმინდა, არამედ მთლიან ექსპორტზეც. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წელია მცირედით, მაგრამ მაინც უმჯობესდება სავაჭრო სალდო. განსაკუთრებით კი მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად მცირდება იმპორტის მოცულობა, რაც იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის არც თუ დამახასიათებელია, ამ შემთხვევაშიც ისმის კითხვა – რატომ?

ზოგადად, იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის, იმპორტის შემცირება ორი გზით ხდება, პირველი ეს არის იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი ნაწარმით, რაც, თავის მხრივ, მრავალი ბენეფიტის მომტანია მთლიანი ეკონომიკისთვის, ხოლო მეორე მხრივ, ეს არის, ზოგადად, მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის დაცემა.თუ გავითვალისწინებთ ზემოთ ხსენებულ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, ერონული ვალუტა ბოლო 2 წელში 25 პუნქტით დაეცა, რაც როგორც წესი პირველ ინფლაციურ წნეხს, სწორედ იმპორტირებულ პროდუქტებზე ქმნის, ნათელი ხდება, რომ იმპორტის შემცირებაში მნიშვნელოვანი წილი მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის დაცემამ შეასრულა. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მიმდინარე წელს საშუალო ხელფასი და სოციალური პენსია, პრაქტიკულად, არ გაზრდილა.

ბოლოსკენ შეიძლება ითქვას, რომ როგორც ქვეყნის ექსპორტის, ისე მთლიანი ეკონომიკის მთავარ პრობლემად, ქვეყანაში დამატებითი ღირებულების მწირი რაოდენობა რჩება და ქვეყანა მწარმოებელი ეკონომიკის რელსებზე, ისევ ვერ გადადის.

პეტრე ინაური

"ბანკები და ფინანსები"