"საქართველოში სამშენებლო ინდუსტრიის ბუმია"

ბიზნესს მოვუწოდებთ, მოახდინონ ინვესტიცია განახლებად ენერგიაში, როგორიც არის ქარის, მზის ენერგია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა.

მას კითხვა დაუსვეს, საინვესტიციო კუთხით ბიზნესის რა მიმართულებებია საქართველოში პრიორიტეტული. ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ პრიორიტეტულია ლოჯისტიკისა და სატრანსპორტო მომსახურება, ასევე მისი თქმით, „ბუმს განიცდის საქართველოში სამშენებლო ინდუსტრია“. ეკონომიკის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მწვანე ენერგიაზე.

„საქართველო გახლავთ წყლით მდიდარი ქვეყანა და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 80% ჩვენი ელექტროენერგიის წარმოებისა მწვანე ენერგიით გამოიმუშავება, მაგრამ სწრაფად მზარდ ეკონომიკას მივყავართ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამდე. ეს არის გამოწვევა, საჭიროა მეტი ჰიდროენერგოსადგურების აშენება, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ბიზნესისთვის და ამ თვალსაზრისით, ჩვენ ძალზედ მოხარულები ვართ, რომ დავინახოთ მზარდი ტენდენციები ინვესტიციებისა მცირე და საშუალო განახლებად ენერგიაში და გარდა ჰიდროელექტროსადგურებისა, ასევე მხარს ვუჭერთ დივერსიფიკაციას ჩვენი ენერგოკომბინაციის და ბიზნესებს მოვუწოდებთ, მოახდინონ ინვესტიცია სხვა განახლებად ენერგიაში, როგორიც არის ქარის, მზის ენერგია,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოში ზემოთაღნიშნული სექტორების გარდა, ასევე, კარგად არის განვითარებული ტურისტული სფერო. მან ასევე ხაზი გაუსვა წარმოების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ საქართველოს აქვს პერსპექტივა ამ მხრივ ჰაბი გახდეს, რადგან მას აქვს სხვადასხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული.