"სწორი და დროულად მიღებული გადაწყვეტილება საწინდარი იქნება, რომ 2019 წლის ეკონომიკური ზრდა, შემდეგი წლის ზრდაც, მაქსიმალური იქნება"

სწორი და დროულად მიღებული გადაწყვეტილება იმის საწინდარი იქნება, რომ 2019 წლის ეკონომიკური ზრდაც, შემდეგი წლის ზრდაც ოპტიმალური და მაქსიმალური იქნება, -ასე უპასუხა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „ინტერპრესნიუსის" კითხვას თუ რა გავლენას მოახდენს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკურ ზრდაზე და უნდა ველოდოთ თუ არა ეკონომიკური ზრდის შენელებას.

გვენეტაძის თქმით, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ დღეს ჩვენ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გავზარდეთ და ამან შესაძლოა, ეკონომიკაზე რაიმე სახის გავლენა მოახდინოს, ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ შემთხვევაში ეს არის ლარის მხარეს მოქმედი ბერკეტი.

"ამავე დროს არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ჩვენ სარეზერვო მოთხოვნებით შევამცირეთ ცოტა ხნის წინ უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სესხებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა, რაც ნიშნავს იმას, რომ დამატებითი ლიკვიდობის მობილიზაცია გავაკეთეთ სისტემაში, რომლითაც შესაძლებელი იქნება უფრო მეტი დოლარის სესხების გაცემა, უფრო მეტი დოლარის ლიკვიდობის მიწოდება, რაც გაცვლით კურსზე წნეხს შეამცირებს და აქედან გამომდინარე, შეამცირებს წნეხს ინფლაციაზე. სწორი და დროულად მიღებული გადაწყვეტილება იმის საწინდარი იქნება, რომ 2019 წლის ეკონომიკური ზრდაც, შემდეგი წლის ზრდაც ოპტიმალური და მაქსიმალური იქნება, რაც უნდა მიიღწეს იმ შემთხვევაში, რომ ამავე დროს გავანეიტრალოთ და შევამციროთ ინფლაციის ზრდის რისკები", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, დღეს სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, 1 %-ული პუნქტით, 8,5%-მდე გაზარდა.