„აბრეშუმის გზის ფორუმი" საქართველოს საშუალებას აძლევს, შეასრულოს მისი ისტორიული როლი"

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" საშუალებას გვაძლევს, ჩვენს პარტნიორებს მსოფლიოს ყველა მხრიდან საშუალება მივცეთ ჩვენი ქვეყანა ცოტა სხვანაირად დავანახოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" შეაჯამა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ფორუმი მაღალ დონეზე ჩატარდა.

„პირველ რიგში, მე აქ იმისათვის მოვედი, რომ ორგანიზატორებისთვის მადლობა გადამეხადა. მართლაც მაღალ დონეზე ორგანიზებული ფორუმი ჩავატარეთ, რომელიც თითოეულმა მონაწილემ აღნიშნა. ყველაზე სასიხარულო გახლავთ ის, რომ ყოველწლიურად აშკარად ჩანს ხარისხის გაუმჯობესება, როგორც საორგანიზაციო ნაწილში, ასევე გამომსვლელების და პანელებზე განსახილველი საკითხების სიღრმისეული განხილვით. რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, რომ დღეს, მესამედ ჩატარებულ „აბრეშუმის გზის ფორუმზე" თბილისში მონაწილეობა მიიღო 2 000-ზე მეტმა დელეგატმა 60-ზე მეტი ქვეყნიდან. რაც მთავარია, ამ 2 დღის განმავლობაში დანიშნული იყო 300-ზე მეტი ორმხრივი შეხვედრა. ეს რეალური შედეგებია ამ ფორუმის.

გამოსვლის დროს აღვნიშნე და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს ფორუმი საქართველოს საშუალებას აძლევს, შეასრულოს მისი ისტორიული როლი, სამყაროში ყველაზე დიდ ცივილიზაციებს შორის იყოს ხიდი - ეს ერთი. მეორე - ეს ფორუმი საშუალებას გვაძლევს ჩვენს პარტნიორებს მსოფლიოს ყველა მხრიდან საშუალება მივცეთ, ჩვენი ქვეყანა ცოტა სხვანაირად დავანახოთ.

მინდა ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს, ორგანიზატორებს, ყველას, ვინც ამ ფორუმის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.