„გუდვილის“ 60%-ს იტალიური კომპანია ყიდულობს

სავაჭრო ქსელ „გუდვილში“ იტალიური ინვესტიცია შედის.

მაღაზიათა ქსელის 60%-ს საინვესტიციო კომპანია „მილანინვესტმენტი“ ყიდულობს. კომპანიებს შორის ხელშეკრულება უკვე დადებულია და ის ეტაპობრივად ხორციელდება.

სრულად 60%-იანი წილის მფლობელი იტალიური კომპანია ნოემბრის თვეში, „გუდვილის“ 10 წლისთავზე გახდება. რა ოდენობის ინვესტიციის ჩადებას აპირებს „მილანინვესტმენტი“ ქართულ ბრენდში, ჯერჯერობით უცნობია, საწყისი ინვესტიციის ოდენობა კი 4,8 მილიონ ლარს შეადგენს.

როგორც იტალიური კომპანიის ხელმძღვანელი ალესანდრო აზაისი აცხადებს, ჩაიდება იმდენი ინვესტიცია, რამდენიც საჭირო იქნება უფრო ძლიერი კომპანიის ჩამოსაყალიბებლად. მისივე თქმით, მათი მიზანია რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის მიზიდვა და კონკურენტულ გარემოში „გუდვილის“ უფრო ძლიერ ბრენდად ჩამოყალიბება. უახლოეს კვირებში ახალი მფლობელები 4-წლიანი სამოქმედო გეგმის შექმნას აპირებენ, რომელშიც უფრო კონკრეტული ნაბიჯების შესახებ იქნება ინფორმაცია.

მანამდე კი იტალიიდან საქართველოში კონსულტანტები ჩამოვლენ, რომლებიც ადგილობრივ თანამშრომლებს დაატრენინგებენ და რჩევებს მისცემენ. ახალი მფლობელები „გუდვილის“ გუნდში ცვლილებების შეტანას არ აპირებენ.

„საქართველო არის მსოფლიოში მერვე ადგილზე მყოფი ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება ყველაზე მარტივია. დავადგინეთ, რომ ქვეყანაში საცალო შესყიდვებზე იზრდება ბაზარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის შემდეგ დავიწყეთ უშუალოდ „გუდვილის“ შესწავლა. როგორც ვიცით, ბოლო ერთი წელი კომპანიისთვის არ იყო კარგი, მიუხედავად ამისა, „გუდვილის“ ბრუნვა წინა წლის იმავე მონაცემებთან შედარებით გაზრდილია“,- აცხადებს ალესანდრო აზაისი.

რაც შეეხება რეაბილიტაციას, რომელიც ამჟამად მაღაზიათა ქსელში მიმდინარებს, ინვესტორი აცხადებს, რომ ის აუცილებლად გაგრძელდება და რაც შეიძლება მცირე ვადებში დასრულდება.

თავად „გუდვილში“ აცხადებენ, რომ კომპანიის აქციების შესყიდვასთან დაკავშირებით რამდენიმე შემოთავაზება ჰქონდათ, იყვნენ ისეთი კომპანიებიც, რომლებიც საწყის ინვესტიციად უფრო მეტ თანხას სთავაზობდნენ ქართველ მფლობელებს, მიუხედავად ამისა „გუდვილის“ მფლობელებმა იტალიურ „მილანინსვესტმენტზე“ შეაჩერეს არჩევანი. მიზეზი კი ახალი ინვესტორის გამოცდილება და ის გეგმაა, რომლის განხორციელებასაც ისინი საქართველოში აპირებენ.