სდსს ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაზე ბოლო 10 თვეში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის შენახვაზე ბოლო 10 თვეში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში უწყება აზუსტებს, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი ქუთაისში დასაცავ ყველა ობიექტზეა გაწეული და არამხოლოდ ქუთაისის პარლამენტზე.

კერძოდ, სდსს-ს ინფორმაციით, ქვედანაყოფი, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის უსაფრთხოებას, პარლამენტის სასახლის გარდა უზრუნველყოფს ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქუთაისის ოფისის და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ქუთაისში მდებარე ოფისის დაცვას. აქედან გამომდინარე, უწყებაში განმარტავენ, რომ „ინტერპრესნიუსისთვის“ 16 ოქტომბერს მიწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაზე დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ხარჯია გაწეული, უზუსტობას შეიცავს და რეალურად ხარჯი ყველა ამ ობიექტზეა გაწეული.

რაც შეეხება უშუალოდ ქუთაისის პარლამენტის შენობის დაცვას და მომსახურებას, სდსს-ს მონაცემებით, 18 მოსამსახურეზე 10 თვის განმავლობაში გაცემულია 176 218 ათასი ლარის შრომის ანაზღაურება, სპეციალურ უნიფორმაზე გაწეულმა ხარჯმა კი 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდში 3 046 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისგან ქუთაისის პარლამენტის შენობაზე გაწული ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, რაზეც პასუხი 16 ოქტომბერს მიიღო. სდსს-ს მიერ თავდაპირველად მოწოდებული მონაცემების თანახმად, ქუთაისში მდებარე პარლამენტის სასახლის დაცვის შემადგენლობაზე ბოლო 10 თვეში გაწეულმა ხარჯმა 493 234 ლარი შეადგინა.