"მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის განცხადებების მიზანია, თავისი სავარაუდო დანაშაული და შეუსრულებელი ვალდებულებები გადაფარონ"

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის განცხადებების მიზანია, თავისი სავარაუდო დანაშაული და შეუსრულებელი ვალდებულებები გადაფარონ, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აუდიტის შესახებ დასმულ კითხვას, სადაც საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებლების თქმით, „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით „ფულის გათეთრების“ ნიშნები ჩანს.

მისი თქმით, არასერიოზულია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებები, რომ პროკურატურამ უნდა დაიწყოს „პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით გამოძიება.

„მე არასერიოზული ვუწოდე ამ ადამიანების განცხადებებს, თუმცა ჩვენ დღემდე ველოდებით აუდიტის მიერ ჩატარებულ კვლევას და დოკუმენტაციის წარმოდგენას. ამასთანავე, ჩვენ მოვისმინეთ, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ არაფერი არ ჩატარებულა. ერთადერთი რაც გაკეთდა, ეს იყო დაედგინათ ფასის შესაბამისობა, იმ აქტივების, რასაც ისინი იხდიდნენ. ველოდები ამ დოკუმენტის წარმოდგენას", - განაცხადა მერმა.

კითხვაზე, დაკითხვაზე დაბარების შემთხვევაში თუ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, კალაძემ განაცხადა, რომ „თუ ამის აუცილებლობა იქნება, ითანამშრომლებს".

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ სანამ „პროგრეს ბანკის“ ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მათ უცხოურ ორგანიზაციას დაუკვეთეს აუდიტი, რომელმაც „პროგრეს ბანკში“ „კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა“ დააფიქსირა. მეტიც, ხაზარაძის თქმით, „გაუჩნდათ ეჭვი, რომ ეს იყო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები“.