"ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები ლარიზაციის პროცესს ხელს ვერ შეუწყობს - აუცილებელია მან ახალი სტრატეგია შემოგვთავაზოს"

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან მეტი განმარტებაა საჭირო რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მიზანშეწონილობაზე.

„ინტერპრესნიუსთან“ ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილების შეფასებისას აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ლარიზაციის პოლიტიკას ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს.

“მგონია, რომ მეტი განმარტებაა საჭირო ეროვნული ბანკის მხრიდან არსებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა მეტად განმარტოს, იცვლება თუ არა ლარიზაციის პოლიტიკა, ვინაიდან ცალსახად, მსგავსი გადაწყვეტილებები ლარიზაციის პროცესს ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს. აუცილებელია ეროვნულმა ბანკმა ახალი სტრატეგია შემოგვთავაზოს. თავის მხრივ მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ რამდენად კოორდინირებულად და შეთანხმებულად მოქმედებენ ეროვნული ბანკი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი,” - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

აბაშიშვილის თქმით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კვლევის თანახმად, 2016 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის ოქტომბრამდე რეფინანსირების ანუ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ორი პროცენტით გაიზარდა. კერძოდ, 2016 წლის ოქტომბერში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეადგენდა 6.5 პროცენტს, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი განისაზღვრა 8.5 პროცენტის დონეზე.

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 23 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთი მნიშვნელოვნად - ერთი პროცენტით გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მსგავსი მაღალი და სწრაფი ტემპით ზრდა ბოლოს 2015 წლის სექტემბერში განხორციელდა. ამავდროულად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რეფინანსირების განაკვეთი, ხუთი წლის წინ 2014 წლის დეკემბერში მხოლოდ 4 პროცენტს შეადგენდა,“ - აღნიშნა აბაშიშვილმა.